ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქოში მთავარი პრობლემა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განუსაზღვრელი ძალაუფლებაა. მიტროპოლიტმა ამის შესახებ სინოდის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
„მთავარი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გავარჩიოთ პირველხარისხოვანი პრობლემა მეორეხარისხოვნისგან. მე რასაც თვალყურს ვადევნებ, მეორე, მესამე, მეათეხარისხოვან პრობლემებზეა ყურადღება გადატანილი. მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა, მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის მოვალეობებს შეასრულებს, აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, თუ ამისი ძალა არ შესწევს სინოდს, აუცილებლად უნდა დაიწყოს მზადება ე.წ. დიდი საეკლესიო კრებისთვის, სადაც ჩართული იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები.
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა 12 საათზე დაიწყო.