მიტოვებული ჩვილი – ეს ის თემაა, რაც საზოგადოებაში დიდ აღშფოთებას იწვევს. ყველას სურს ბავშვის დახმარება, ბიოლოგიური მშობლის დახმარება ან გაკიცხვა.
ძალიან ბევრი კი მიტოებული ჩვილების შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამს, რაც არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
“ფორტუნა” დაინტერესდა რა გზას გადის ჩვილი მიტოვებიდან ახალ ოჯახამდე, როდის და რა პირობებით ხდება მისი გაშვილება და რატომ არის ამხელა რიგი იმ ოჯახებისა, რომლებსაც ბავშვების შვილად აყვანა სურთ.
ამ კითხვებზე პასუხები სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ გაგვცა.
როგორც ის ამბობს, ჩვილის მიტოვების შემთხვევაში პირველი და პრიორიტეტული მისი მშობლის მოძებნაა, მაგრამ თუ ეს ვერ ხდება, იწყება სოციალური მომსახურების სააგენტოს პროცედურები.
- რა პროცედურებია ეს და რა ეტაპებს გადის ჩვილი მიტოვების შემდეგ?
ვინც აღმოაჩენს ჩვილს, ის რეკავს 112-ში. ადგილზე მიდის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვილი პირველ რიგში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ.
ამის შემდეგ, ჩვენი იურისტი და სოციალური მუშაკი მიდიან იმ კლინიკაში, სადაც ბავშვია განთავსებული. ბავშვს არ აქვს საბუთები და სააგენტო იწყებს მისი დოკუმენტაციის და პირადი ნომრის მოწესრიგების საკითხს.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვილი სახელმწიფო ზრუნვაში გადავიყვანოთ, ასეთი ბავშვები დროებით ხვდებიან ოჯახებში, სადაც მათი დაყოვნების ვადა მაქსიმუმ სამი თვეა.
გავრცელებული ინფორმაციით, საბავაშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო
თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - რა წერილი დატოვა დედამ
აღსანიშნავია, რომ ბავშვი გადაუდებელ მიმღებ ოჯახში ხვდება, რომელსაც არასდროს არ აქვს რაიმე უპირატესი უფლება შვილებასთან დაკავშირებით.
ამ სამ თვეში ბავშვს სასამართლო მიტოვებულად აღიარებს. მიენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და ჩაერთვება გაშვილების პროცედურებში, რიგითობით.
- ოჯახს, რომელსაც ჩვილი იპოვა, აქვს თუ არა მისი დატოვების უფლება?
არა, მათ აუცილებლად უნდა შეატყობინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს. სურვილის შემთხვევაში, მათ შვილად აყვანის პროცედურების დროს, არანაირი უპირატესობა არ ექმნებათ.
შვილად აყვანისა და მინდობის შესახებ კანონში, ჩამოთვლილია უპირატესი უფლებები. ეს არის: ნათესაური შვილად აყვანა, გერის შვილად აყვანა, ის ოჯახი, რომელთანაც ბავშვი მინდობით აღზრდაში 6 თვეზე მეტი ხნით იმყოფებოდა; ასევე ოჯახი, სადაც ბავშვის ერთი დედმამიშვილი უკვე განთავსებულია.
- რამდენი მიტოვებული ჩვილია დარეგისტრირებული სააგენტოში?
დღეის მდგომარეობით, 5 ჩვილია, რომელთაც გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ. მათ სააგენტო რიგითობით სთავაზობს იმ ოჯახებს, რომელბიც რიგში დგანან.
ჯერჯერობით 35 ბავშვი ითვლება დროებით მიტოვებულად. უმეტესად ისინი მინდობით აღზრდაში არიან [დროებით ოჯახებთან]. არიან ბავშვები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ. ისინი ჩვილ ბავშვთა სახლში თავსდებიან.
ამ 35 ბავშვის ოჯახების ნაწილთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ისინი ბიოლოგიურმა მშობლებმა დაიბრუნონ.
- რა არის ძირითადად მიტოვების მიზეზი?
უფრო ხშრიად, მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსხვავებული საჭიროებაა. სამწუხაროდ, ბიოლოგიური ოჯახები უარს აცხადებენ ხოლმე მათ დაბრუნებაზე.
ჩვენ გვაქვს ასეთი სერვისი: სოციალური მუშაკი მუშაობს ოჯახებთან, უხსნის მათ რა უარყოფითი შედეგი მოაქვს დედისა და ჩვილის დაშორებას, განსაკუთრებით იმ ჩვილისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს; რას სთავაზობს სახელმწიფო დედას, იმისთვის რომ გაზარდოს თავისი შვილი და ა.შ.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უფრო რთული ხომ არ არის შემდეგ გაშვილებაც?
რა თქმა უნდა. საქართველოში სულ 2600 მშვილებელია დარეგისტრირებული და არც ერთ მათგანს, არ აქვს მოთხოვნა განსხვავებული საჭიროების, ჯანმრთელობის პრობლემების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე.
საქართველოში ასეთი ბავშვების გაშვილების პროცედურები ფაქტობრივად არ მიმდინარეობს.
ერთადერთი პრეცენდენტი მიმღებმა მშობლებმა შექმნეს, რომლებიც ზრუნავდნენ ასეთ ბავშვზე და სტატუსის მინიჭების შემდეგ, მათ აიყვანეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი.
- მიტოვებიდან გასაშვილებლის სტატუსამდე რა დროა საჭირო?
კანონით, სახელმწიფო ზრუნვიდან მიტოვების სტატუსამდე 3 თვეა გათვალისწინებული.
კარებთან ბავშვის ტირილი - გავრბივართ და 1 თვის უსუსური ბავშვი ჩვენს წინ...
"გვერდში დაგიდგებით, გაგაზრდევინებთ ჩვენს ბიჭუნას" - სოც. ქსელში ეძებენ დედას, რომელმაც ჩვილი დატოვა
- მაშინ, რატომ უწევთ ბავშვის აყვანისთვის მშობლებს რიგში წლობით დგომა?
შვილად აყვანის რიგში ჩადგომა არ ნიშნავს გარანტირებულად იმას, რომ ოჯახი აუცილებლად აიყვანს შვილს.
თუ საქართველოში დედები არ მიატოვებენ შვილებს, მათი შანსები მცირდება. სახელმწიფო კი გაძლიერებულად მუშაობს იმაზე, რომ დედებმა ბავშვები არ მიატოვონ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩვილ ასაკში მიტოვება და ბიოლოგიური კავშირების გარღვევა, ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა, რაც არაერთი კვლევით არის დადასტურებული.
მთავარია ის, რომ მოთხოვნა შვილად აყვანაზე ძალიან დიდია, ისეთი მიტოვებული ბავშვები კი, რომლებზეც მოთხოვნაა – ცოტა.
პირობითია რიგითობაც:
თუ ადამიანი მოვა და დღეს დადგება რიგში, ჩაწერს, რომ მას სურს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვი, ის რიგში 2600 კაცში იდგება პირველი, იმიტომ რომ ასეთი მოთხოვნა ამ კანდიდატებს შორის საერთოდ არ არის.
- ანუ ითხოვენ უპრობლემო და ჩვილ, რაც შეიძლება მცირე ასაკის ბავშვებს?
დიახ, ძირითადად ჩვილებზეა მოთხოვნა. თუმცა, კანონმა დააწესა ასაკობრივი ზედა ზღვარი – ეს არის 49 წელი. რაც იმას ნიშნავს, რომ გასაშვილებელ ბავშვსა და მშვილებელ კანდიდატს შორის, ასაკობრივი განსხვავება უნდა იყოს მაქსიმუმ 49 წელი.
- რა ელის იმ მიტოვებულ ბავშვებს, რომლებსაც საქართველოში არ იშვილებენ?
კანონის მიხედვით, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე ბავშვი ვერ გაშვილდა, ის საერთაშორისო მშვილებლებს შეეთავაზებათ. უცხოელი კანდიდნატების ბაზა არსებობს და თუ მათ მოთხოვნებს შეესაბამება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იწყება მისი გაშვილების პროცესი.