მართალია, ჰოლივუდურმა ბლოქბასტერებმა ბრიტანეთის ყველაზე მომხიბვლელ ხულიგანს აღიარება და მილიონიანი შემოსავლები მოუტანა, მაგრამ დაუმორჩილებელი ბუნტისთავის ხასიათი მაინც ვერ შეცვალა. საკუთარ თავს ტომ ჰარდი სოციოფობს უწოდებს, რადგან არ უყვარს ზედმეტი ადამიანები საკუთარ ცხოვრებაში, ნაკლებად ახასიეთებს გულწრფელობა და საკუთარ თავზე საუბარი.
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ბრიტანელ ქამელეონზე:
16 წლის ჰარდი სახლიდან გაიქცა. ქუჩის ცხოვრება და ნარკოტიკებით გატაცება, არასრულწლოვანთა კოლონიაში დასრულდა, სადაც ავტომობილების ქურდობისთვის მოხვდა.
სამსახიობო ხელოვნება ჰარდიმ რიჩმონდის თეატრალურ სკოლაში შეისწავლა, მოგვიანებით კი, ლონდონის დრამის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც მაიკლ ფასბენდერთან ერთად სწავლობდა. ფასბენდერის განცხადებით, პედაგოგები სწორედ ჰარდის თვლიდნენ ყველაზე ნიჭიერ მოსწავლედ.
1998 წელს 21 წლის ჰარდი კონკურსის The Big Breakfast ‘s Find Me გამარჯვებული გახდა. მომავალმა მსახიობმა სოლიდურ ფულად პრემიასთან ერთად სამოდელო სააგენტოსთან One-თან კონტრაქტის გაფორმების უფლებაც მოიპოვა.
ძაღლების მოყვარულ ჰარდი ბავშვობაში მაწანწალა ძაღლებს პატრონობდა. მის პირველ ოთხფეხა მეგობარს მაქსი ერქვა საყვარელი პერსონაჟის პატივსაცემად ფილმიდან „შეშლილი მაქსი“. როგორც ჩანს, იმ პერიოდში მსახიობმა არ იცოდა, რომ წლების შემდეგ სწორედ თვითონ შეასრულებდა მთავარ როლს საკულტო ფილმის გაგრძელებაში.
აღიარება მსახიობმა 1990-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როგორც თეატრის მსახიობმა, თუმცა 2000-იანების დასაწყისში ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულს სერიოზული პრობლემები შეექმნა. დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ჰარდის სპეციალური კურსის გავლა მოუხდა სარეაბილიტაციო კლინიკაში, „წარმოუდგენელი სისაძაგლე ჩავიდინე, რამაც გონს მომიყვანა. მითხრეს, რომ თუ ნარკოტიკებს არ შევეშვებოდი, რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ძალიან გვიან იქნებოდა და ვერაფრის გამოსწორებას ვეღარ შევძლებდი“, – მოგვიანებით გაიხსენა მსახიობმა.
საუკეთესო მეგობრებად ჰარდი გარი ოლდმანს და ლეონარდო დი კაპრიოს თვლის. ოლდმანი თანამედროვეობის საუკეთესო მსახიობად მიაჩნია, დი კაპრიო კი, კრისტოფერ ნოლანის ფილმის „დასაწყისის“ გადაღებებზე გაიცნო, მოგვიანებით კი, წარმატებული დუეტი შეადგინა ალეხანდრო ინიარიტუს ფილმში „ცოცხლად გადარჩენილი“.
პირველი ტატუ მსახიობმა 15 წლის ასაკში გაიკეთა. დღეს მის სხეულზე სიმბოლოების, ნიშნების და ციფრების მთელი გალერეაა, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.
ჰარდის ძალიან არ უყვარს ხანგრძლივი შვებულებები. წელიწადში მაქსიმუმ 10 დღე მსახიობი საფრანგეთის სამხრეთში ან იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს.
პირველ მეუღლეს სარა უორდს, რომელთანაც ხუთი წელი იცხოვრა, სერიოზული კონფლიქტის შემდეგ დაშორდა, რისი მიზეზი მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება გახდა. მეორე მეუღლე რეიჩელ სპიდს 2004 წელს შეხვდა, ოთხი წლის შემდეგ კი, პირველი შვილი ლუი შეეძინა. მესამე და ჯერჯერობით უკანასკნელი ცოლი შარლოტა რაილი ჰარდიმ ფილმის „ქუხილის უღელტეხილის“ გადაღებებზე გაიცნო და როგორც თავად აღნიშნა, ერთი ნახვით შეუყვარდა.
ჰარდის სავიზიტო ბარათად მუდმივად მოხრილი ბოლო თითი ითვლება მარჯვენა ხელზე, რომელიც მსახიობმა დანით დაიზიანა კულინარული ექსპერიმენტების დროს. მართალია, მედიკოსებამ შეძლეს თითის შენარჩუნება, მაგრამ მისი ამოძრავება შეუძლებელი აღმოჩნდა.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ავტომობილის მართვა ჰარდიმ საკმაოდ გვიან, 30 წლის ასაკში ისწავლა.
მსახიობს ძალიან უყვარს ბალეტი და კლასიკური მუსიკა, საყვარელ კომპოზიტორებს შორის კი, განსაკუთრებით შუბერტს და მოცარტს გამოარჩევს.
2015 წელს ჟურნალმა GQ-მ ჰარდი წლის ყველაზე სიმპათიურ და გემოვნებიან მსახიობად დაასახელა.
2017 წელს მსახიობმა დრამატურგიაში მოსინჯა შესაძლებლობები და ფილმისთვის „ტაბუ“ დაწერა სცენარი.