თუ შვებულებას არ გაძლევენ, თქვენივე გადაწყვეტილებით ვერ იღებთ, ან შესაბამისი შემოსავლები უბრალოდ არ გაქვთ იმისთვის, რომ სადმე 1-2 კვირით წახვიდეთ და კარგად დაისვენოთ, გამოსავალი უქმეებზე ქალაქგარეთ გასვლაა. მართალია ეს შვებულებას ვერ შეედრება, თუმცა მცირედით განტვირთავს მაინც შეძლებთ და თუნდაც რამდენიმე საათით ქალაქის ქაოსს მოწყდებით.
როგორც იცით, მას შემდეგ რაც რუსეთმა ტურისტული ემბარგო დაგვიწესა, ქვეყანაში აქტიური კამპანია მიმდინარეობს, სახელწოდებით „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia, რომელსაც ცხადია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე დიდი ხანია შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, მუდმივად გაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებული საინტერესო ტურისტული მიმართულებების, კურორტების, დაცული ტერიტორიების და სხვათა შესახებ.
10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)
რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ
ამჯერად, გადავწყვიტეთ საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, ვინც დედაქალაქში ჩარჩა და თბილისიდან გასვლას ფიზიკურად ვერ ახერხებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ადგილს, რომელიც დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს და შაბათ-კვირას, თუნდაც ერთ დღეში მათ ნახვას მარტივად მოასწრებთ, თან ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული. ჩამონათვალი, ცხადია, არასრულია და შეგიძლიათ თავად შეავსოთ და დაამატოთ. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილებში მისვლა საკმაოდ იოლია – უმეტეს ადგილას საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის.
მაშ ასე, საინტერესო ადგილები თბილისთან ახლოს, ერთდღიანი გასვლებისთვის:
1. საგურამო – ზედაზენი – ველოტური იწყება თბილისთან ძალიან ახლოს, საგურამოს გადასახვევიდან. გაივლის სოფელ საგურამოს და ადის ზედაზენის მონასტერში, ზღვის დონიდან 1170 მეტრზე. თავიდან გზა ასფალტიანია, სოფლის შემდეგ კი გრძელდება გრუნტიანი მოქმედი სამანქანო გზა. მანძილი მოკლეა მაგრამ ძალიან დიდი აღმართებია, შეიძლება ველოსიპედის ხელით ტარებაც მოგიწიოთ, მაგრამ სამაგიეროდ უკანა გზაზე გაერთობით. რეკომენდებულია სამთო ველოსიპედის გამოყენება.
2. არმაზციხე ( იგივე ბაგინეთი) – არმაზციხე ძვ.წ IV – ახ.წ. VIII საუკუნეების ძეგლია, რომელიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, მცხეთა-თბილისის გზატკეცილის განაპირას, ბაგინეთის მთაზე.
ფარნავაზი, ქურუმები, ღმერთები, კერპების დამხობა, ანტიკური საქართველო – ეს ის მისტიკაა, სადაც არმაზციხის მონახულებისას მოხვდებით. შეაბიჯებთ წარმართულ ტაძარში, სადაც არმაზის კერპი იყო აღმართული და აუცილებლად გაგახსენებათ წმინდა ნინოს, მირიან მეფის, მზის დაბნელების და კერების დამხობის ამბები. ისეირნებთ სამეფო დარბაზში და წარმოიდგენთ როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანები, რომ ოდესღაც აქ მათ უყვარდათ, იბრძოდნენ, მათაც ჰქონდათ თავისებური ყოფითი რუტინა… ამ ფიქრებში გართული კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ წინ მშვენიერი ხედი გადაშლილა და ერთ მხარეს მცხეთის ჯვარს გაჰყურებთ, მეორე მხარეს კი – სვეტიცხოველს.
3. კარსანი – მცხეთასთან ახლოს პაწაწინა სოფელია. აქ მდებარეობს ისტორიული შენობა – 1905 წელს აშენებული გეოფიზიკური ობსერვატორია, რომელმაც თავისი საუკუნოვანი არსებობისას რამდენჯერმე შეიცვალა დანიშნულება. ამჟამად შენობა ავარიულია და შიგნით შესვლა რეკომენდებული არ არის. თუმცა, შენობის გარშემო არსებული ნაძვნარი და ახლომდებარე ეკლესია ღირს სანახავად.
ამბობენ, რომ კარსანი მოჩვენებების სოფელია და ამას თავისი მიზეზი აქვს – მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ბრძანებით, სოფელი მოსახლეობისაგან დაცალეს, რომ იქ ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე ემუშავათო. ხალხს სჯეროდა, რომ კარსანში მიწისქვეშა დარბაზები იყო, სადაც საიდუმლო ცდები ტარდებოდა.
4. ანანურის ციხის კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები.
კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები…
5. ხადას ხეობა– თბილისიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე. ულამაზესი, უნიკალური ადგილია, შუა საუკუნეების კოშკებით და ჩანჩქერებით.
ჩანჩქერები საქართველოში, რომლებიც მსოფლიოს ულამაზეს ჩანჩქერებს არაფრით ჩამოუვარდება (ფოტოები)
გულის ფორმის ჩანჩქერი, ტყუპი ჩანჩქერი და კიდევ სხვა ბევრი სანახობა- დიახ ეს საქართველოა
6. სამშვილდის კომპლექსი — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი სოფელ სამშვილდის მახლობლად, ქვემო ქართლში. ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. სამშვილდის ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი.
7. ასურეთი– არაჩვეულებრივი, უნიკალური სოფელი.მე-19 საუკუნის დასაწყისში აქ გერმანელებმა საკუთარი სოფელი გააშენეს. ჩადგეს მუხის სახლები, ეკლესია… აღსანიშნავია, რომ 200-წლიანი სახლები თითქმის უცვლელადაა შემორჩენილი, არის ძალიან ლამაზი და საინტერესო სასაფლაოც და მარანი, სადაც ოდესღაც ადგილობრივი ჯიშის ყურძენი იწურებოდა.სოფლის ცენტრში მდებარე ეკლესია კი თითქმის დანგრეული და განადგურებულია.
8. ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში. წარმოადგენდა ორბელთა საძვალეს. ბეთანიის ტაძარში შემორჩენილია თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკა.
ცნობისთვის, ფოტოების ნაწილი აღებულია ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com