LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მისი გამბედაობა გადამდები იქნება და ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული” – ქალთა მოძრაობა ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

213
BeFunky-collage (4)

ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი მეუღლის, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, დასაფასებელი და მაგალითის მიმცემია, – ამის შესახებ განცხადებას “ქალთა მოძრაობა” ავრცელებს და მსახიობს სოლიდარობას უცხადებს.

მათი თქმით, ნინუცა მაყაშვილის საქმე არის “გამოცდა ქართული თეატრალური საზოგადოებისათვის, მსახიობის გაბედაობა ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული”.

“ქალთა მოძრაობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს! იმედი გვაქვს, საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანი იქნება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი ყოველგვარი გამართლება მკაცრად იქნება დაგმობილი.

რამდენიმე დღის წინ, რუსთავი2-ის ეთერში, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ისაუბრა მის მტკივნეულ პირად გამოცდილებაზე, როდესაც წლების წინ, მაშინდელი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოჯახში ძალადობა სამწუხაროდ ხშირი მოვლენაა, საზოგადოება კი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შეუწყნარებელი ამ ტიპის დანაშაულის მიმართ, მსხვერპლებს დიდი ძალის და გამბედაობის მოკრება სჭირდებათ საკუთარ გამოცდილებაზე ღიად და საჯაროდ სასაუბროდ. ამ რეალობაში, კიდევ უფრო დასაფასებელი და მაგალითის მიმცემია ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი მეუღლის, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე. გვჯერა, რომ მისი გამბედაობა გადამდები იქნება და ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული.

ნინუცა მაყაშვილის საქმე არის გამოცდა ქართული თეატრალური საზოგადოებისათვის, ვინაიდან საქმე ეხება სწორედ აღნიშნული პროფესიული საზოგადოების წევრებს. მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება, სადაც კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ ძალადობის მსხვერპლ ქალს და ძალადობის მიმართ პროტესტს გამოხატავენ. იმედი გვაქვს, სოლიდარობის ამ აქტებს კიდევ ბევრი ადამიანი შეუერთდება. სამწუხაროდ, სოლიდარობასთან ერთად ჩვენ ვნახეთ ცუდი მაგალითებიც.

რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამავდროულად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მთავარი რეჟისორი, რობერტ სტურუა ძალადობის დაგმობის ნაცვლად ისევ ქალებს დაგვესხა თავს. მისი თქმით, ქალები რეპრესიებს, 1937 წელს აწყობენ ქვეყანაში, ოჯახში ძალადობაზე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი გამოგონილია. ეს არ არის მხოლოდ რიგითი სამარცხვინო განცხადება თუ კომენტარი. ესაა რუსთაველის ეროვნულ თეატრში აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პირის გენდერული მიკერძოება და წინასწარი განწყობა, რომელიც ხელს შეუშლის მას ამ დაწესებულების მართვაში და აქ მომუშავე ქალებისათვის უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული, კეთილგანწყობილი, თანასწორი გარემოს შექმნაში, ანტიდისკრიმინაციული თუ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დანერგვაში. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც რობერტ სტურუა რეპრესიებად მოიხსენიებს თეატრის შიგნით გამოხატულ სოლიდარობის აქტებსაც და ამ სახით, როგორც ჩანს, მათ აღკვეთასაც ცდილობს. მას ავიწყდება, რომ ქალები მაყურებლებს შორისაც ვართ და დასის წევრებს შორისაც. ბევრი ჩვენგანი გამხდარა ოჯახში თუ მის გარეთ ძალადობის მსხვერპლი და ასეთი დამოკიდებულებები გვიქმნის მტრულ გარემოს ჩვენს გამოცდილებებზე სასაუბროდ. სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ვალდებულია, ითვალისწინებდეს სახელმწიფო ხედვას და ღირებულებებს გენდერულ საკითხთან მიმართებაში.

უკიდურესად საყურადღებოა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის თამთა ინაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია რობერტ სტურუას, როგორც ხელმძღვანელის მხრიდან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი ტონით საუბარსა და სექსისტურ, მიზოგინიურ დამოკიდებულებაზე. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ქალები არ არიან ვალდებულნი სამუშაო ადგილებზე, მათ შორის თეატრში ითმინონ დამამცირებელი, ღირსების შემლახავი, უთანასწორო მოპყრობა.

ჩვენთვის მიუღებელია ოჯახში ძალადობის საშიშ დანაშაულში მხილებული პირი, ბესო ზანგური, რომელსაც არც პასუხი უგია და არც რაიმე სინანული გამოუთქვამს, იდგეს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე და ისევე აგრძელებდეს კარიერას, თითქოს არაფერი მომხდარა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ბესო ზანგური ჩამოშორდეს მის პროფესიულ საქმიანობას თეატრში, სანამ საქმეზე არ დასრულდება გამოძიება.

რობერტ სტურუა: „დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ!”

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს კულტურის მინისტრს გამოეხმაუროს მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე, ასევე, შეფასება მისცეს რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელის სტერეოტიპულ, დამამცირებელ და საშიშ პოზიციას ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავეს პრობლემაზე, ისევე როგორც მის მიზოგინიურ დამოკიდებულებას სამუშაო სივრცეში. დამატებით, მოვუწოდებთ კულტურის მინისტრს იზრუნოს მის დაქვემდებარებაში მყოფ სფეროებში ანტიდისკრიმინაციული და ანტი-ძალადობრივი პოლიტიკის და შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე.

ბესო ზანგური: „პირველ ცოლსაც ცოტა სკანდალურად დავშორდი, მაგრამ ისიც არ აფიქსირებს, რომ მე მოძალადე ვარ…“

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ინსტიტუციას, რეაგირება მოახდინოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და მრავლობით დამამცირებელ განცხადებაზე, რასაც ადგილი აქვს ქალების მიმართ, მათ შორის უშუალოდ სამუშაო გარემოში.

ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტი. ოჯახში ძალადობის არც ერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი,”- აღნიშნულია განცხადებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები