მომღერალი და კომპოზიტორი, მიშო სულუხია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ გამოუწერეს 2000-ლარიანი ჯარიმა მაშინ, როცა თავსხმა წვიმის დროს იძულებული იყო, მოტოციკლი გაეჩერებინა.
მიშო წერს:
„ნამდვილად არ ვიფიქრებდი, თუ ისეთი პატრული ინსპექტორიც არსებობდა, რომელიც ქუჩაში, მოტოციკლით, თავსხმა წვიმის დროს იძულებით გაჩერებულს, სიცოცხლისთვის სახიფათო ხილვადობის გამო და წვიმის გადაღების მოლოდინში – მოვიდოდა და 2,000 ლარიან ჯარიმას დამიწერდა მოტოციკლის წინ და მეტყოდა: თქვენი სიცოცხლე ჩვენს ინტერესებში არ შედის, როდესაც უკვე 23 საათიაო. 23:15 წუთზე ხდება ეს ამბავი შაბათის წვიმიან საღამოს, ზედ რუსთაველის გამზირზე, 37 ნომერში. ჯარიმას ხელს აწერს „ქალიაქის ცენტრში” სანაქებოდ წინა ხაზზე გამოგზავნილი ჩემზე ბევრად უმცროსი პატრული ინსპექტორი. ის ბედნიერი არ ჩანს ცხოვრებით. მოკლედ, მისი მეწყვილის გაკვირვებული სახით ყურებამ მის მიმართ, ჩემმა თხოვნამ და მინიშნებამ, რომ არაჰუმანურ საქციელს სჩადიოდა და თავადაც ხვდებოდა ამას, კიდევ 20 წუთი წაიღო, მანაც მაქსიმალურად გაწელა დაჯარიმების პროცესი და ჯარიმის ქვითარი 23:38 წუთზე ამოუშვა.
სამაგიეროდ, მინდა, მადლიერება გამოვთქვა მათი ზემდგომი საპატრულო ეკიპაჟის და მისი ერთ-ერთი წევრის მიმართ თანადგომისთვის, შეგნებული დამოკიდებულებისთვის და ამ ფაქტის დასაფიქსირებლად შედგენილი ოქმისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ სამაგალითო იყო მთელი პანდემიის პროცესში ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც და ქცევაც რეგულაციების და საზოგადო კეთილდღეობის მიმართ. არ მაქვს არც ერთი დარღვევა ან ჯარიმა.
იმედი მაქვს, რომ გასაჩივრებულ ქეისს ყურადღებით მოეკიდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიც“.