პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის ამნისტიის კანონი, შესაბამისად მმართველი გუნდი, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ამ შეთანხმებას განახორციელებს ზუსტად ისე, როგორც ის იყო ხელმოწერილი“.
თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელთაც ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს, სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ და შეთანხმების განხორციელებაზე საკუთარი პასუხისმგებლობა აიღონ.
„შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის ამნისტიის კანონი, შესაბამისად ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ამ შეთანხმებას განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორც ის იყო ხელმოწერილი. ეს შეთანხმება გულისხმობდა პოლარიზაციის შემცირებას. მისი მიზანი იყო, რომ პოლიტიკა დაპირისპირებიდან გადასულიყო საქმიან ეტაპზე, თანამშრომლობის ეტაპზე, რისთვისაც ჩვენ, მთელი ამ წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ. პრაქტიკულად შეთანხმებაში მოცემული სულისკვეთება ზუსტად მოგვიწოდებს, რომ ჩვენ შევძლოთ ამ დემოკრატიული მიღწევების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, მნიშვნელოვანია, ხელმომწერი ოპოზიცია ჩაერთოს სრულფასოვნად საპარლამენტო პროცესში და შეთანხმების განხორციელებაში. მათაც საკუთარი პასუხისმგებლობა აჩვენონ და მიიღონ მონაწილეობა, სწორედ ამაზეა საუბარი. „ქართული ოცნება“ არის მმართველი ძალა, ჩვენ ძლიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ვაჩვენეთ. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა მიღებული გადაწყვეტილებებით, შესაძლებელი გავხადეთ, რომ ეს შეთანხმება არის ხელმოწერილი და ხელოვნური კრიზისი არის დასრულებული. სწორედ ამიტომ უნდა გავიხედოთ წინ და მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.