LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის საქართველოს“ მონაწილეთა შორის „მიუზიკბოქსის“ მომხიბვლელი ჟურნალისტი ნინუცა როსტიაშვილი მოხვდა

ninuca

„მიუზიკბოქსის“ ჟურნალისტი ნინუცა როსტიაშვილი „მის საქართველოს“ 20 მონაწილეს შორის არის შერჩეული. გოგონები აქტიურად ემზადებიან სილამაზის კონკურსისთვის, რომელიც ყველაზე ლამაზ ქართველ გოგონას გამოავლენს.

ნინუცასთვის პრიორტეტი საკუთარი პროფესიაა, ჟურნალისტიკა და მის წინ არაფრის დაყენებას არ აპირებს, თუმცა სილამაზის კონკურსში მონაწილეობაზე სამი წლის განმავლობაში ფიქრობდა და ახლა გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიურადაც მზადაა და გარდა ამისა, „მის საქართველში“ მონაწილეობს, როგორც შემდგარი ადამიანი.

ნინუცა როსტიაშვილს სასტუმრო „ამბასადორში“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

ჟურნალისტიკიდან უცბად პოდიუმზე გადაინაცვლებ და „მის საქართველოს“ კონკურსში მიიღებ მონაწილეობას. ეს კონკურსი არაერთხელ გაგიშუქებია, როგორია კამერის მეორე მხარეს დგომა?

ნინუცა:

ეს იყო ბევრი წლის ფიქრის შედგი. დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მომიწია „იმიჯ ცენტრთან “ საქმიანი ურთიერთობა. როგორც კი ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა დამინახა, მომცა პროფესიული რჩევა, რომ მეცადა ბედი „მის საქართველოს“ კასტინგში. მას მერე სამი წელი ვიფიქრე და ბოლოს მონაწილეობა ოჯახის წევრების  და მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე (იღიმის). გავედი კასტინგზე და საუკეთესო ოცეულში მოვხვდი.

ჩემს პროფესიას ახალი საქმიანობა, ალბათ, ვერ გადაწონის, მაგრამ ვფიქრობ, ამ კონკურსში მონაწილეობით შემიძლია მივიღო ის უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდეგ ჩემს საქმიანობაში გამომადგება.

სამოდელო გამოცდილება გქონია?

დაახლოებით 11 წლიდან ერთ-ერთ წამყვან სააგენტოში დავდიოდი, მაგრამ როცა მომიწია არჩევანის გაკეთებამ ჟურნალისტიკასა და მოდელობას შორის, პირველი ავირჩიე. მოდელებს უწევთ უცხოეთში გამგზავრება და იქ ყოფნა, მივხვდი, რომ ორივეს ერთად ვერ გავაკეთებდი და გადაწონა ჟურნალისტის პროფესიამ.

წელს დავამთავრე „ჯიპას“ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კონცენტრაციით ჟურნალისტიკა. ახლ;აც ვაგრძელებ ჩემი პროფესიით სწავლას და „გაუ“-ს პიარსკოლაში ვსწავლობდა  ვაპირებ მაგისტრატურაზე ჩაბარებას.

მოდის სფერო შენთვის უცხო არ არის. „მიუზიკბოქსზე“ მიგყავს გადაცემა „ფეშენ თაიმი“…

ჩემი ჟურნალისტური კარიერა სწორედ ამ გადაცემით დაიწყო. წამყვან დიზაინერებს ვსტუმრობ მაყურებლისთვის საინტერესო რჩევების მისაღებად, მეც მიყვარს კარგად ჩაცმა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამოკიდებული ვარ ბრენდებზე. მოდა ჩემთვის ნამდვილად არ არის უცხო.

„მის საქართველო“-ში მონაწილეობისას გამარჯვებაზე ფიქრობ და კონკურენციაზე რას იტყვი?

ეს არ იყო ნაუცბათევი გადაწყვეტილება, დიდი ფიქრის შემდეგ გადავდგი ეს ნაბიჯი. მიმაჩნდა, რომ სამი წლის წინ, როცა დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, არ ვიყავი შემდგარი ადამიანი, რომელსაც ექნებოდა „მის საქართველოს“ ტიტულის ტარების უფლება. შეიძლება, ამბიციურ ნათქვამად გამომივიდეს, მაგრამ როცა ამ კონკურსში მოდიხარ, უნდა გქონდეს გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობა შეიძლება დაგეკისროს.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის მონაწილე გოგონები ძალიან ლამაზები და მეგობრულები არიან. თითოეულ მონაწილეს თავისი ნიშა აქვს. წინა წლების მსგავსად, კონკურენციაც ძალიან მაღალია. ვფიქრობ, რაღაც შანსები მაქვს.

როცა ჩემს ცხოვრებაში რაიმე გრანდიოზულზე ვფიქრობ, ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, ნინუცა, გაჩერდი, ამაზე აღარ იფიქრო-მეთქი. არ მინდა, გული მეტკინოს, ამიტომ ბევრს არ ვფიქრობ, რომ ჩემ სახელს დაასახელებენ გამარჯვებულად.

ჟიურის რით მოაწონებ თავს?

ალბათ, იმით, რომ 21 წლის ასაკში თავი დავიმკვიდრე ჩემს პროფესიაში ბევრ პროფესიონალ ადამიანთან. ნომერ პირველ რადიოჰოლდინგში მუშაობა არ არის პატარა საქმე, მით უმეტეს, როცა სერიოზულ ადამიანებთან ურთიერთობ და შენ არ აღგიქვამენ, როგორც პატარა ბავშვს.

ძალიან ბევრი რამ დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ არ ვიყავი პატარა გოგო, რომელსაც უბრალოდ, ტელეეკრანზე გამოჩენა სურდა. ჩემთვის პრიორიტეტი იყო განათლება, სამსახური, ადრეულ ასაკშივეც და ვთვლი, რომ ჟიურის უნდა მოეწონოს შემდგარი ადამიანი (იღიმის).

როგორც ვიცი, ჟიურისთან გვექნება ინტერვიუები როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენებზე. ხუთეულში მოხვედრილ გოგონებს უწევთ საერთაშორისო კონკურსებზე გამგზავრება და ენის არცდონა დაბრკოლება არ უნდა იყოს.

როგორ ემზადებით?

მზადების პროცესი არის საინტერესო, დამღლელი, მაგრამ ახლის აღმოჩენი. ვსწავლობთ ცეკვას, რითაც გავხსნით შოუს. ვემზადებით ფიზიკურად, ვიცავთ მცირე დიეტებს, ვვარჯიშობთ. „იმიჯ ცენტრი“ გვეხმარება მაქსიმალურად, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ფინალურ შოუზე.

ია კიწმარიშვილისგან რა რჩევები მიიღე?

მას შემდეგ, რაც ფინალისტები გავხდით, ია კიწმარიშვილისგან ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღეთ. ხალხის დამოკიდებულების შესახებ გაგვაფრთხილა და გვითხრა, რომ მას შემდეგ, რაც  ჩვენი ფოტოები გავრცელდება, შესაძლოა, წამოვიდეს დადებითი და უარყოფითი კომენტარებიც, რასაც მშვიდად უნდა შევხვდეთ. ფსიქოლოგიურ დახმარებასაც გვიწევენ, პატარ-პატარა რჩევების პარალელურად, მაგალითად, როგორ შევიცვალოთ წარბის ფორმა ან რა რასთან ჩავიცვათ. ასე რომ, ქალბატონი იასგან რჩევების სრულ პალიტრას ვიღებთ.

რეალურად მზად ხარ უარყოფითი კომენტარებისთვის?

რა თქმა უნდა. როცა ასეთ კონკურსში მონაწილეობ ან ზოგადად, გიწევს ტელეეკრანზე ხშირად მოხვედრა, საზოგადოებაში აქტიურად ყოფნა, უნდა იყო მზად ამისთვის. საწყის ეტაპზე რთულია, მაგრამ ჩემი პატარა გამოცდილებითაც ვხვდები, რომ ამაზე არ უნდა ინერვიულო. ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ასეთი მომენტები, კარგსაც და ცუდსაც იტყვიან ყოველთვის და ამას ჩვეულებრივად უნდა შეხვდე.

ოჯახის წევრები როგორ გამხნევებენ?

ჩემთვის უპირველესი ადამიანები არიან დედა და მამა, ასევე ჩემი და, რომელის გარეშეც ერთი წამითაც არ შემიძლია ყოფნა. დედა ყოველდღიურად მამხნევებს და მაძლევს ქალურ რჩევებს, მამასთან მაქვს სრულიად გახსნილი ურთიერთობა და მას არაფერს ვუმალავ… ბევრი რამ ყოფილა, რისთვისაც თავი ამირიდებია ჩემი მშობლებისა და დის რჩევებით.

შეყვარებული გყავს?

არა. ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, ზოგჯერ იმის დროც არ მაქვს, რომ ვჭამო ან ყავა დავლიო. დილიდან საღამომდე არასდროს ვიცი, სად აღმოვჩნდები, ამიტომ სიყვარულზე ფიქრის დროც არ მაქვს.

თვითონ ია კიწმარიშვილიც ხუმრობს ხოლმე, როგორ მალე თხოვდებიან „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელები. შენს ყურადღებას როგორი ბიჭი მიიქცევს?

ჩემი მეგობრები ხუმრობენ, რომ მე თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ველოდები. მე კი ვამბობ, რომ ახლა სხვა დროა და თეთრ „რენჯზე“ ამხედრებულ პრინცს უნდა დაელოდო, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა… რა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული კრიტერიუმები, მომწონს მწვანეთვალები ბიჭები, რომლებიც მღერიან და სახელიც კი მაქვს მოფიქრებული, სანდრო (იცინის). ჩემს მეგობრებს შორის ეს ხუმრობის თემაა.

მთავარი, რაც ადამიანში უნდა დააფასო, ინტელექტია. ვიზუალურად კარგი ბიჭი არ ნიშნავს იმას, რომ თავს კომფორტულად და ნამდვილ ქალად გაგრძნობინებს. ვიზუალის მიღმა, პიროვნული თვისებებია უმნიშვნელოვანესი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარეგნობას საერთოდ არ მივაქცევ ყურადღებას.

როგორ ფიქრობ, რა არის შენი გარეგნული კოზირი?

მეუბნებიან, რომ ერთი ქალის ფასი თმა მაქვს. ვფიქრობ, არ მაქვს კავკასიური გარეგნობა. ბუნებრივად ქერა ვარ და ცისფერი თვალები მაქვს. ეს ქართველებისთვის არ არის დამახასიათებელი და შეიძლება, ეს გამომარჩევდეს სხვებისგან. თმა არასდროს შემიღებავს, არც ბოლო, არც ძირი, ბუნებრივად მიკეთდება მელირება, რაც ზღვაზე ყოფნისა და მზის დამსახურებაა მხოლოდ (იღიმის).

ბოლოს მინდა გკითხო შენს ჰობიზე, ეს არის მოგზაურობა…

ყოველდღე შემიძლია, რაღაც ახალი აღმოვაჩინო როგორც საკუთარ თავში, ასევე გარშემო მყოფებში. ჩემთვის ენერგიის უმთავრესი წყარო მოგზაურობაა. უკვე აღვნიშნე, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ასე რომ, შემიძლია ხოლმე, უცბად გადავწყვიტო და შაბათ-კვირას მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად სადმე გადავფრინდე. იქ ვიღებ ენერგიას, რომელიც გადმომაქვს ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ვამაყობ, რომ მოვახერხე და მალაიზიამდეც ჩავედი. მისი ნახვის შემდეგ ბევრი რამ გადავაფასე. მიყვარს, როცა მოგზაურობისას ადგილობრივებს და მათ კულტურას ვეცნობი. შორიდან ევროპაც და აზიაც სხვანირად ჩანს. როცა ჩადიხარ და ახალ რაღაცას ნახულობ, ცხოვრებაც ესაა!..

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები