საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს გეოგრაფიული აღნიშვნა „ტყემალიც“ დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
„საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში – „საქპატენტში“ რეგისტრაციის პროცედურა ბოლო ეტაპზეა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაცია, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განაცხადის მასალებებთან ერთად, გამოქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში მიმდინარე წლის 10 ივნისს. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „ტყემალი“ დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს.
„ტყემლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციის მოთხოვნა საქპატენტში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა. განაცხადის მასალებში აღნიშნულია, რომ ტყემალს ქართული სუფრის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. ის საქართველოში ნომერ პირველ საწებლადაა აღიარებული და მის გარეშე არ არსებობს ქართული სუფრა. ტყემლის საწებლის ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივად მოყვანილი ტყემლის, შესაზავებელი მწვანილებისა და სუნელების განსაკუთრებული გემოვნური თვისებები და გამორჩეული არომატი, ასევე, შემზავებლის გამოცდილება და ოსტატობა. დღეს ტყემალი საქართველოს ყველა რეგიონში მზადდება, მაგრამ მის სამშობლოდ დასავლეთ საქართველოა მიჩნეული. საგანაცხადო მასალებში მოცემულია ტყემლის მომზადების მეთოდი, ეტაპები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
ტყემლის მომზადების წესი და რეცეპტურა ზეპირსიტყვიერად ან წერილობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მისი მომზადების ყველაზე უფრო ადრინდელი რეცეპტი წერილობითი სახით გვხვდება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ბარბარე ჯორჯაძის მიერ შედგენილ წიგნში „ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი“, რომელიც 1874 წელს გამოიცა. სპეციფიკაციების თანახმად, ტყემლის საწებლის დასამზადებლად გამოყენებული ტყემალი (ალუჩა, ღოღნაშო და სხვა, გემოვნებით დასამატებელი ხილი), ნიორი, წიწაკა, ნედლი მწვანილი და სუნელები წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოში. გამოყენებული ინგრედიენტების, მათი, თანაფარდობისა და მომზადების მეთოდების მიხედვით, ძირითადად, ორი სახის ტყემალი არსებობს: ახალი ტყემალი და ზამთარში შესანახი ტყემალი.
გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონელი ბაზარზე სარგებლობს განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით, რადგან პროდუქტი ხასიათდება მაღალი ხარისხით, თვისებებით და რეპუტაციით, რაც განპირობებულია რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი გარემო-პირობებითა და ადამიანური ფაქტორით. აქედან გამომდინარე, ტყემლისთვის ამ სტატუსის მინიჭება და სახელმწიფო დონეზე აღიარება კიდევ უფრო გაზრდის მასზე მოთხოვნასა და ღირებულებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.