LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც შვილები, ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები: საპატრიარქო

736
shutterstock-329982674

საქართველოს საპატრიარქო მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში გასულ წელს პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში შემორჩენილი ძველი წესის, – „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა გათვალისწინებით.

შედგა მსახურება, რომელიც სადღესასწაულო ლოცვის (ზოგან კი მეორე დღეს წირვის) დამთავრების შემდეგ სრულდება, ხდება სანთლების კურთხევა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლა, ტარდება პანაშვიდიც.

სვანეთში შემორჩენილი ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის ის, რომ საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადის მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები, (რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს) ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც (რომელიც ასევე სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს მათ. ერთ-ერთი ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა. ბოლოს ყველანი მიდიან სასაფლაოზე, რათა მიცვალებულებს ახარონ უფლის განკაცება.

წმინდა სვიმეონის სახით ძველმა აღთქმამ განცხადებულ ღმერთს შეაგება ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე, რომელმაც დაასრულა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ ძველი აღთქმის პერიოდი. შემდეგ სათავე დაედო ახალი აღთქმის ეპოქას.

მირქმის დღესასწაული თავდაპირველად უფრო განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. მაგალითად, იერუსალიმის ეკლესიაში მას გამორჩეულად ზეიმობდნენ: სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით,ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობას აწყობდნენ,; ბოლოს კი პანაშვიდს იხდიდნენ, რათა მიცვალებულებისთვისაც ეხარებინათ მაცხოვრის ტაძრად მობრძანება.

პანდემიის პირობებში საქართველოში დღეს გარკვეული რეგულაციების დაცვა აუცილებელია, მაგრამ თავისი პატივი უნდა მიეგოს დღესასწაულს. კარგი იქნება, თუ მას, შესაძლებლობისამებრ, ძველი წესის მიხედვითაც გავამშვენებთ.

სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც, – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, ახალშობილ იესოს და წმ. სვიმეონ მიმრქმელს შეავედრონ გარდაცვლილი წინაპრები, ახლობლები… და წყალობა სთხოვონ საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოსათვის. მირქმის მადლი გეწეოდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები