დღევანდელ მარიონეტულ მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის დამნაშავეა – ვახტანგ გომელაური და რატი ბრეგაძე, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის მორიგ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც გოგაშვილმა განმარტა, აღნიშნული მტკიცებულებები საბოლოოდ დაადასტურებს ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ „ჯგუფურად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ“.
„დღევანდელ მარიონეტულ მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის დამნაშავე ზის – ვახტანგ გომელაური და რატი ბრეგაძე ( ჩემი საქმიდან გამომდინარე).
თუმცა გომელაურის თქმით, ჩემი და მისი საიდუმლო კომუნიკაციის შესახებ ღარიბაშვილმა, ლილუაშვილმა და შოთაძემაც იცოდნენ. დავალებას ვისგანაც იღებთ, ეს უკვე ყველამ იცის, მაგრამ რეციდივისტები რომ ხართ, კიდევ ერთხელ დადასტურდა. პირველად, მერაბიშვილი გაიყვანეთ საკნიდან და კადრები წაშალეთ, შემდეგ მუხთარლი გაიტაცეთ და მთელი ქალაქის კამერები ლაგოდეხამდე წაშალეთ, მე დამემუქრეთ ოჯახის მოსპობით, ოთხჯერ მესაუბრეთ ციხეში და მთლიანი სერვერები დაწვით. რეციდივისტები ხართ, აბა ვინ ხართ? გირჩევთ დაწეროთ განცხადებები გადადგომის შესახებ, სანამ უარესად შეტოპავთ.
მე ხვალ გავასაჯაროვებ ანაბეჭდების გარდა კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც არ ექვემდებარება არც წაშლას და არც დაზიანებას თქვენი მხრიდან. ეს საბოლოოდ დაადასტურებს ჩემს მიერ გაჟღებეულ ინფორმაციას, თქვენი მხრიდან ჯგუფურად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. სერვერების დაწვაც ამის დასტურია და ამაში ეჭვი აღარავის ეპარება.
ძნელია ებრძოლოთ სისტემის ერთ-ერთ ყოფილ წევრს? ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოგიტანთ განაჩენს ევროპაში, ხოლო საქართველოში ამას ქართველი ხალხი გააკეთებს.“ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩვენისაითა.’’ (ფსალმუნი 19)“, – წერს სოსო გოგაშვილი.