LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრის მოადგილე: ასოცირების შეთანხმების ვალდებულებათა დაახლოებით 40% შესრულებული გვაქვს

60
თეიმურაზ ჯანჯალია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, რეფორმების ტემპი შენარჩუნებული უნდა იყოს იმ ვადებში, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში.

„2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. ეს მხარდაჭერილი უნდა იყოს იმ რეფორმებით და ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციის იმ ტემპებით, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.

მოწვეული ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული ანალიზის მიხედვით, ამ პერიოდისთვის სახელმწიფოს განხორციელებული აქვს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების დაახლოებით 40%. ჩვენი მიზანია, 2024 წლისთვის აღებული ვალდებულებები 65- 70%-მდე გაიზარდოს, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენ, ეს განაცხადი გავაკეთოთ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილემ თავის მოხსენებაში ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობები ასოცირების შეთანხმებასთან კავშირში, როგორიცაა, დასაქმება და შრომითი უფლებები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, მეცნიერება, კულტურა განათლება და ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები