LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: „მაგარ შარში ვართ, ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, შეუძლებელია კარგად ასწავლო“

157

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, საკუთარი კვლევის შედეგად დაადგინა, რომ კარგი მასწავლებელი ბავშვების დაინტერესებას ეროვნული სასწავლო გეგმის დარღვევის ხარჯზე ახერხებს. ალექსანდრე ჯეჯელავამ ქუთაისში მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2 საათი მათემატიკაში წილადებისთვის მცირეა და  შეუძლებელია, მოსწავლემ ამ დროში რამე გაიგოს.

„მე ყველა დარგში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ მათემატიკაში ვერკვევი კარგად. წილადებზე გვაქვს 2 საათი. ახლა მე მაქვს  ასეთი მოსაზრება,  რომ უნდა შევკრიბო სამინისტროს თანამშრომლები, ჩავუტარო ორსაათიანი გაკვეთილი წილადებზე.  მერე გამოვცადო მათი ცოდნა და სავარაუდოდ,  სამინისტროს, მათი დიდი ნაწილი დატოვებს,” – აღნიშნა ჯეჯელავამ.

“მოკლედ, მაგარ შარში ვართ ხალხო.   ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს,  რომლითაც ვერ მივაღწევთ შედეგებს.  ვერ გაიგებს ბავშვი ვერაფერს. თან ხელს რომ აიწევს და გეტყვის ვერ გავიგეო, შენ ეტყვი –  მორჩა, ის ორი საათი გავიდა, ახლა სხვა გაკვეთილი გაქვთ.  ერთი ორ რამეს რომ ვერ გაიგებს,  ჩარგავს თავს ტელეფონში, კომპიუტერში და მორჩა, დავკარგეთ ეს ბავშვი.”

“ტექნიკურად ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს,  რომლითაც შეუძლებელია კარგად ასწავლო. ეს საოცარი ამბავია. წიგნი რომ დავწერო ოდესმე, ამ საოცრებას შევიტან შიგნით, რომ სახელმწიფომ შექმნა ისეთი გეგმა,  რომელსაც თუ დაარღვევ კარგი მასწავლებელი იქნები, თუ შეასრულებ ცუდი.”

“ვერ გავამტყუნებ ვერცერთ მასწავლებელს, ვიღაცებმა თქვეს, რომ ჯანდაბა, კაი ბატონო ორი საათი? – იყოს 2 საათი. ნული საათი? – იყოს ნული საათი. ვიცი, რომ ვერ გაიგებს? –  კარგი იყოს ვერ გაიგებს. მივხვდი, რომ ამ წიგნით ვერაფერს ისწავლის? – ნუ ისწავლის. რადგან ასეა, იყოს ასე.”

“მოკლედ ეს არის რეპუტაციის საკითხთან ერთად,  ქრესტომათიული უსამართლობა.  რა დავარქვა ამას არ ვიცი: შეცდომა,  ბოროტმოქმედება,  უჭკუობა ნებისმიერი რამე აქედან,“- განაცხადა განათლების მინისტრმა ქუთაისელ პედაგოგებთან შეხვედრისას.

დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 400-ზე მეტ ქუთაისელ პედაგოგს შეხვდა.

წყარო : edu.aris.ge/