ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა დღეს პატიმრობაში ვიქნები თუ არა – მე დღეს მინდა სასამართლოს წინაშე სიმართლე ვთქვა და ვალი მოვიხადო იმ ადამიანების წინაშე ვისაც აღარ ყავთ 19 წლის ბიჭი, რომელიც ახლა 33 წლის იქნებოდა, – ამის შესახებ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დღეს სასამართლოში განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პირველ რიგში ის სწორედ რობაქიძის მშობლების წინაშე გრძნობს თავს დამნაშავედ.
”მათ მოვუხდი პირველ რიგში ბოდიშს და ჩემს შვილებს. მე ჩავიდინე დანაშაული. მართალია, მათი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ის გაგრძელება, რაც ამას მოჰყვა, არანაირად არ იყო ამაზე ნაკლები. მე ეს გადაწყვეტილება გუშინ ან გუშინწინ არ მიმიღია. 2013 წელს მე სატელევიზიო ეთერში იგივე ვთქვი, უბრალოდ იყო მომენტი, რასაც სასამართლოს მოვახსენებ, რამ შეუშალა ხელი იმას, დეტალურად მეღიარებინა დანაშაული”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, შეურაცხმყოფელი ბრალდებების წინააღმდეგ, რომელიც მისი მისამართით ისმის, აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.
”ძალიან გთხოვთ თავი შევიკავოთ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან – უჯრიდან გამოღებული მოწმე, ბრალდების მოწმე და ა.შ. მე არავის მძევალი არ ვარ. ჩამოვედი ჩემი სურვილით. მე თავს ვალდებულად ვთვლი პირველ რიგში დარბაზში მყოფი ორი ადამიანის წინაშე – ესენი არიან ბატონი სოსო რობაქიძე და ია მეტრეველი”, – აღნიშნა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.