LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა შევახსენო 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების მშობლებს, შემოდგომაზე შემოვა გრიპის ახალი ვაქცინა, აუცილებლად ჩაიტარონ, ვინაიდან წელს გრიპის შემთხვევები იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე იყო შარშან – ივანე ჩხაიძე

270
BeFunky-collage (18)

„ეს მართლაც განსაკუთრებული შემთხვევაა, საქართველოში არასოდეს არ დაფიქსირებულა გრიპის ვირუსის შემთხვევა ივნისის თვეში. გრიპი ყოველთვის ცირკულირებდა მარტი-აპრილის განმავლობაში“, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

„ახლა ჩვენ მარტო იაშვილის კლინიკაში გვაქვს 4 შემთხვევა ივნისის თვეში. ეს არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი გადანაცვლება რესპირაციული ვირუსული ინფექციის პიკების. ზამთრის ნაცვლად, პიკი მივიღეთ გაზაფხულზე“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ გარდა გრიპისა, ცირკულირებენ სხვა ტიპის ვირუსებიც.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ რისკჯგუფში შემავალი ადამიანები: 5 წლამდე ბავშვები, რომლებიც გრიპის ვირუსის სამიზნეები არიან და 65 წელს გადაცილებულები. გრიპი ასევე საშიშია ორსულებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დედასაც და ნაყოფსაც.

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ძლიერი ტალღა შესაძლებელია ოქტომბერში განვითარდეს

არ გვაქვს ილუზია იმის, რომ ახლა საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყებს ვაქცინაციის პროცესს. ადამიანებმა, რომლებმაც ეს არ გააკეთეს მაშინ, როდესაც საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილი არ იყო და ყველაზე მძიმე მუტაცია „დელტა“ ცირკულირებდა, ახლაც არ გაიკეთებენ ვაქცინას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

რაც შეეხება ე.წ. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრას, ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ოქტომბერში:

„საბედნიეროდ, ამის უკან დგას უკვე გადავლილი პიკი. აპრილის ბოლო, მაისი და ივნისი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდში დატვირთულობის თვალსაზრისით. არა მხოლოდ იაშვილის კლინიკა, არამედ საქართველოში არსებული ყველა ბავშვთა კლინიკა აფიქსირებდა შემთხვევების მკვეთრ მატებას, ახლა ამ თვალსაზრისით მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, მაგრამ ის რჩევა, რასაც ჩვენ ამ დროს მშობლებს ვაძლევთ ხოლმე, ყველა სხვა ტიპის ვირუსებს შორის, გრიპი და კორონავირუსი არის გამორჩეული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებში ჯერ სრული მოცულობით არ დაგვიწყია და არც არის პოპულარული, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ სექტემბერ-ოქტომბრიდან უკვე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი 6 თვის ასაკიდან ბავშვებისთვის და ჯანმოს რეკომენდაციით, უკეთესია 5 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ გრიპის შემთხვევაში გართულებებისა და დამძიმების მაღალ რიკს.

ასე რომ, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ შემოდგომაზე საქართველოში შემოვა გრიპის ახალი ვაქცინა, აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია, ვინაიდან წლევანდელი გრიპის შემთხვევები იქნება გამორჩეული, იქნება გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე იყო შარშან. კორონავირუსის პანდემიის დროს ორწლიანმა იზოლაციამ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვამ იმოქმედა გრიპზე, 2020-2021 წლის განმავლობაში გრიპის შემთხვევები პრაქტიკულად არ გვქონდა, თუმცა ახლა მოსალოდნელია ეს შემთხვევები იყოს გაცილებით ბევრი, ამიტომ ამ მხრივ სიფრთხილე და მზაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

ჯანმო მიიჩნევს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. საუბარია მოსახლეობაზე, 65 წელს ზემოთ ასაკის, (იმუნური სისტემის ნაკლებად აქტიურობიდან გამომდინარე), ორსულები და 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, გარდა ამისა, ადამიანები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით.

ორსულები და 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები აუცილებლად საჭიროებენ გრიპის ვაქცინაციას, ვინაიდან ამ კონტინგენტში გართულების ალბათობა და რისკი არის მაღალი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.