„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია აცხადებს, რომ დღეს საქართველოს მომავალი წყდება. მისი განცხადებით, თუ საზოგადოებას სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სამუშაო ადგილები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ, ხმა ოპოზიციურ ძალებს უნდა მისცენ.
ანზორ მელია მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს, რათა „საქართველო გადავარჩინოთ“.
„როგორც არასდროს ისეთი შემართებით ვარ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი და წყდება საქართველოს მომავალი. გვინდა სიღარიბეში, სიბინძურეში ცხოვრება, თუ გვინდა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სამუშაო ადგილები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება? მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციურ ძალებს. მინდა საქართველოში გათენდეს, ეს მთავრობა წავიდეს და მოვიდეს მხოლოდ კოალიციური მთავრობა, ეს არის ჩვენი ხსნა, ამიტომ არის, რომ 72 წლის კაცი იძულებული გავხვდი წინა ფრონტზე გამოვსულიყავი. ახლა ხმის არ ამოღება დანაშაულია, ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, რომ საქართველო გადავარჩინოთ”, – აღნიშნა ანზორ მელიამ.