LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გამოვეხმაურო ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან მიმართებით გავრცელდა მიზანმიმართულად, თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან“ – კახა კალაძე

588
ფორტუნა - 2023-08-07T115634.492

დედაქალაქის მერიის დღევანდელ სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

კახა კალაძემ შოვში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო შოვში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მათ ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დღეს გლოვის დღეა და, მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას. ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება გვმართებს. არ ვიცი, ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც, მაგალითად, ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად და გადასარჩენად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებშია ჩართული. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, გვერდით დაუდგნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ჯარისკაცებს, მოხალისეებს, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, სამედიცინო ბრიგადებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, თითოეულ თანამშრომელს იმ არნახული ძალისხმევისთვის, რასაც ეწევიან სტიქიის ზონაში. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და თბილისის მერიის მზაობა, გვერდით დავუდგეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, იქნება ეს ტექნიკით თუ ადამიანების ჩართულობით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ვიდეო: როგორ დატოვა კახა კალაძის ოჯახმა შოვი სტიქიამდე

სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კახი კალაძემ საკუთარი ოჯახის ტრანსპორტირება ვერტმფრენით უზრუნველყო.

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჭორს უწოდებს ინფორმაციას, რომ სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ თავისი შვილები სტიქიის დაწყებამდე სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენით გამოიყვანა და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მის „გაშავებას“ ემსახურება.

როგორც კალაძემ თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ასეთი ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება სიბოროტეა.

„მინდა გამოვეხმაურო ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან მიმართებით გავრცელდა მიზანმიმართულად, თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და სახელმწიფო ვერტმფრენის საშუალებით ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. ამაზე გავაკეთე განმარტებები. საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. ვერ წარმომიდგენია თუ არსებობს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად, რათა გამაშავოთ და აგრესიულად განაწყოთ ადამიანები ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ამის მცდელობა იყო აღნიშნული სიცრუის გავრცელება. ეს არის დიდი სიბოროტე, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებენ.

ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ მომმართა ტელეკომპანია „იმედმა“, რათა მიმეცა უფლება, მოეპოვებინათ ვიდეო-კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოდიან სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ ჩემი მცირეწლოვანი შვილები. მე, რა თქმა უნდა, მივეცი თანხმობა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ აქტივისტი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც აღნიშნული ბოროტება დაგმეს. იყო უამრავი ჟურნალისტი ოპოზიციური ტელეარხებიდან და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან, მაგრამ მათაც თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს, თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის, ჭორის გავრცელება. ყველა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელი პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. ეს ანგრევს და აზიანებს საზოგადოებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს.

დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა. ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება, ყველას უნდა ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს, შეგვიძლია, ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და დავდგეთ ერთმანეთთან. ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად სიკეთე გავუზიაროთ; გაუტანლობის ნაცვლად, ერთმანეთს გვერდში დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო: როგორ დატოვა კახა კალაძის ოჯახმა შოვი სტიქიამდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები