“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს და მას შიშის გამოვლენას უწოდებს.
როგორც მინაშვილი აღნიშნავს, არც ოპოზიცია და არც მოქალაქეები არ სჩადიან უკანონობას და პირიქით, უკანონობას შსს და ხელისუფლება თავად განასახიერებს:
“ეს არის შიში, რადგან ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ არაძალადობრივი, მაგრამ მწვავე პროტესტი არ გაჩერდება მანამ, ვიდრე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს არ დააკმაყოფილებენ. შსს-ს ეს განცხადება არის შიშის გამოვლენა, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ პროტესტი გაგრძელდება.
რაც შეეხება უკანონობას, ხედავთ, რომ არც ოპოზიცია, არც ქვეყნის მოქალაქეები არ სჩადიან უკანონობას, პირიქით, შსს და ხელისუფლება თავად განასახიერებს უკანონობას. ნახეთ, რამდენიმე დღის წინ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე 50-მდე მოქალაქე დააკავეს სუს-თან და სხვა წერტილებში.
ერთადერთი საყრდენი, რაზეც დღეს ხელისუფლება დგას, არის უკანონობა და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ძალიან მალე თუ ხელისუფლება არ წამოვა დათმობაზე და არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, მათი მმართველობა დასრულდება. ეს არის კანონზომიერება, რომელიც ისტორიულად ბევრჯერ არის დადგენილი.” – თქვა მინაშვილმა.
მისივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი.
შეგახსნებთ, აკაკი მინაშვილი ერთ-ერთია იმ ოპოზიციონერი დეპუტატებიდან, რომლებმაც გუშინ, ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს.