„მიმძიმს ამაზე საუბარი“ ეს არ არის უბრალოდ სპექტაკლი, ეს არის წარსულში მოგზაურობა, წარსულში რომელმაც უზარმაზარი იარები დაგვიტოვა… ესაა საბჭოთა რეჟიმი, მისი პროპაგანდა და უსამართლო ქმედებების სერია. რეჟიმი, რომელმაც ადამიანები, მათი ოჯახები და მთელი თაობები შეიწირა…
სწორედ ამ შავბნელ წარსულს აცოცხლებენ რუსთავის თეატრის მსახიობები და მაყურებელს დროში მოგზაურობის საშუალებას აძლევენ. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაყურებელი ტკივილით სავსე მოგონებებს არა კომფორტული პარტერიდან, არამედ მიწისქვეშა გვირაბებში, მოქმედი პერსონაჟების ფეხდაფეხ აკვირდება. რეჟისორის ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო, ცივი და სასტიკი გარემო, რომელიც მსხვერპლად შეწირული ადამიანების ყოფას მთელი სიმძაფრით შეგაგრძნობინებს და ვირტუალურ წარმოდგენასაც შეგიქმნის.
,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ – ენჯე გიზატოვას პიესაა, რომელიც რეჟისორმა სოსო ნემსაძემ ალტერნატიულ ანდერგრაუნდულ სივრცეში დადგა. რუსთავის თეატრს, რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს, არსებობის მანძილზე არაერთი საინტერესო დადგმა განუხორციელებია, რომელიც ძირითადად დიდ სცენაზე იდგმებოდა. წლების განმავლობაში კი შენობაში ახალი თეატრალური სივრცეები ემატებოდა.
პანდემიის პერიოდში შემოქმედებითი მუშაობის პარალელურად თეატრის შიდა დასუფთავების სამუშაოები დაიწყო. შენობის პირველი სართულის და სარდაფის გაწმენდის პროცესში საინტერესო სივრცეები აღმოაჩინეს, მათ შორის იყო სანგარიც, რომელიც თეატრის ტექნიკურ ნახაზში არასდროს მოხვედრილა.
დასუფთავების პროცესში დასიც აქტიურად იყო ჩართული და ახალი შემოქმედებითი გეგმებიც სწორედ მაშინ დაიბადა.
„მიმძიმს ამაზე საუბარი“ სოსო ნემსაძემ დრამატურგიის ფესტივალზე აღმოაჩინა და ქართულად სწორედ მისი ინიციატივით ითარგმნა.
საბოლოო შედეგი ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, მძიმე 37-იანი წლები და ის მოვლენები რაზეც საბჭოთა მმართველობის პერიოდში არ საუბრობდნენ… მსახიობები კი ამ ყველაფერს ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვიყვებიან, დასამალი უკვე აღარაფერია..
ყველაფერი თაფლაკვერის დაგემოვნებით იწყება და ეს არის ერთადერთი ტკბილი მოგონება, რომელიც შეიძლება ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ დაგრჩეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ დარჩენილ დროს მაქსიმალურად დაძაბულები და დაზაფრულები, მთავარი პერსონაჟების ტკივილით და გარშემო გაბატონებული უსამართლობით განმსჭვალულები გაატარებთ.
მანამ სანამ მთავარ სივრცეში მოხვდებით, უნდა გაიაროთ დერეფანი, სადაც საბჭოთა სიმბოლიკა და ბევრი საინტერესო ნივთი დაგხვდებათ, ეს არის დერეფანი რომელიც დღეს იმ საშინელ წარსულთან გვაკავშირებს.
პიესა ერთი რეპრესირებული ოჯახის ტრაგედიაზე მოგვითხრობს, მტრად შერაცხილი კაცის და მისი მეუღლის ამბავზე და თითქოს მაყურებელიც ამ ტრაგედიის თანაზიარი ხდება… წამება, ჯგუფური გაუპატიურება, მოსმენები და ათასი სისასტიკე..
ყველამ კარგად იცის, რომ ეს ისტორიები გამოგონილი ამბავი არ არის, რაც მაყურებლის განცდებს ერთი ორად ზრდის. თქვენ თითქოს სპექტაკლის ნაწილი ხდებით და მიღებულ შთაბეჭდილებას ძალიან დიდი ხანი ვერ დაივიწყებთ.