LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარეობს მთის დემონტაჟი, შეაჩერეთ! – რა ხდება ჟვანიას ქუჩაზე

300

„მთაწმინდის ქედს ჩამოსანგრევად კიდევ ერთხელ მიადაგნენ“  – “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი, სოციალურ ქსელში ჟვანიას ქუჩაზე მდებარე მთის ფოტოს და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ვრცელს პოსტს აქვეყნებს.

„დღეს მთაზე აცოცებულმა ამ არსებამ გამაღვიძა (ბოლი რომ ასდის ფოტოზე), რომელიც დედაქალაქის ცენტრში, მის გულში, ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, დაუნდობლად თხრის მთას… მიმდინარეობს მთის დემონტაჟი, მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით. გეოლოგებისა და ექსპერტების არაერთგზის გაფრთხილებისა, რომ აქ მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან მცოცავი ქანებია და უფრო მეტიც, აქტიურად მიმდინარეობს ეროზიული პროცესები, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს… ნადგურდება მთაწმინდისა და კუს ტბის გამყოფი ქედი, ულამაზესი ადგილი. თბილისის მერიავ, შეაჩერე ეს ბოროტება! შეაჩარეთ ბუნების განადგურების ეპიდემია დედაქალაქში!“ – წერს მესხიშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

როგორც დავით მესხიშვილმა “ფორტუნასთან” აღნიშნა, ქედის ქვედა ნაწილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენება ადრეც იგეგმებოდა,  თუმცა, მცოცავი ქანების გამო, მაშინ მშენებლობის ნებართვა არ გაიცა. მესხიშვილის თქმით, კლდის ჩამონგრევა დღეს დილით დაიწყო.