მილანში სელფის ჯოხის გამოყენება აიკრძალა. „The Local”-ის ცნობით, ქალაქის ხელმძღვანელობამ ზაფხულის სეზონისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა და გარდა სელფის ჯოხისა, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მინისა და მეტალის ქილებიდან სასმელის დალევაც აკრძალა. აღსანიშნავია, რომ ახალი წესი 13 აგვისტომდე იმოქმედებს და მისი შესრულება ტურისტებთან ერთად ადგილობრივებსაც მოუწევთ. ადმინისტრაციაში კი იმასაც არ გამორიცხავენ, რომ შეზღუდვა მომავალშიც გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ კანონი შეეხო ასევე ფეირვერკსა და ქუჩის საკვებს, ანუ პოპულარული „სთრით ფუდი“ მილანის ქუჩებიდან დროებით გაქრება. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, სიახლის მიზანი ქალაქის დაბინძურების შემცირება და ტურისტების ანტისოციალურ ქცევასთან ბრძოლაა.