LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული საკითხი, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს – კობა გვენეტაძე

62
კობა-გვენეტაძე-1

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული საკითხი, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები. ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„კანონი არის შესული პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენებიც იყო. ერთი საკითხი, რაც თავად სექტორის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული არის ის, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, რადგან მოგეხსენებათ, რეგულარიზაციის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამავე დროს, მიკროსაფინანსო ბანკებს ამ კანონპროექტის მიხედვით, შედარებით უფრო რბილი ზედამხედველობა აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, რომლებიც დღეს არსებობენ. ამ და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნამდვილად არ იქნება კარგი თუ ამის საშუალება მიეცემათ. დანარჩენი განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მიღებული იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ციფრული ლარის შემოღების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან მსგავსი პროექტის კვლევის გარეშე განხორციელება შეუძლებელია.

„ციფრულ ლართან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავწიეთ გარკვეული სამუშაოები. ასეთი პროექტის განხორციელება კვლევის გარეშე შეუძლებელია. ამავე დროს ინტერესის შესახებაც გვქონდა განცხადება და ბევრ კომპანიასთან განვიხილეთ, თუ რისი შემოთავაზება შეუძლიათ მათ. პროცესი გრძელდება. ჩვენთვის ასევე საყურადღებოა, თუ რას აკეთებენ შედარებით უფრო დიდი ბანკები ამასთან დაკავშირებით, მათი მოცვა ამ საკითხის, ვგულისხმობ, რომ უფრო ფართო კვლევას აკეთებენ. მუშაობა გრძელდება, ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი არის, რომ საპილოტე დონეზე შემოვიღოთ ტესტირება, რათა გავიგოთ, როგორ მოემსახურება მიზნებს, რომლებსაც როგორც ჩვენ ვფიქრობთ, უნდა მოემსახუროს ციფრული ლარი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.