LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს მის საქმეზე ყოფილი ჩინოვნიკისთვის ბრალის წაყენება რუსულ დაკვეთად მიაჩნია

98
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის კვეთის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის პასუხისგებაში მიცემას ეხმიანება.

მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილე პასუხისგებაში მისცეს

სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლორთქიფანიძე არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი და ის იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა.

მიხეილ სააკაშვილი ლორთქიფანიძეზე წერს, რომ პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს:

“გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა.

სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.

მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს!” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საზღვრის უკანონოდ კვეთით შემოსვლას.