LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატები საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების დართვას ითხოვენ

159
ბექა ბასილაია

საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე ადვოკატები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების საქმეზე დართვას ითხოვენ. შესაბამისი შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე დააყენა.

ადვოკატები ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებების, ასევე სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების და ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის საქმეზე დართვას ითხოვდნენ. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ის დასაბუთებული არ არის.

პროკურორების განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტებით რაიმე ფაქტის დადასტურება, ან უარყოფა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ვერ მოხდება.

თემურ ალასანიას საერთაშორისო კრიმინალურ ბიზნესში ჩართულობაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს: მამუკა არეშიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, საქმეს მტკიცებულების სახით ცენტრ „ემპათიასა“ და სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნა დაერთო, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას შეეხება. მოსამართლის განმარტებით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაკეთებული განცხადებები, შეფასებები, საქმის მასალებში ჩადება, მტკიცებულებად განხილვა, სწორი არ არის.

ადვოკატებმა სასამართლოში კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოწმეთა ხელახალ დაკითხვას ეხებოდა. კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენლის, აუდიტორის, კონტრდაზვერვის წარმომადგენლის, ყოფილი სდსს-ს ხელმძღვანელისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები