LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს – კონსილიუმს უკვე ველოდებით: ადვოკატი შოთა თუთბერიძე

86
შოთა თუთბერიძე - იპნ-ს ფოტო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს. მისივე თქმით, ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ექიმების ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა, დეზინფორმაციაა.

ადვოკატი მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ამჟამად მოქმედი კონსილიუმის ვიზიტი, უნდა განხორციელდეს შეფერხებისა და ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას ითხოვს.

„მიხეილ სააკაშვილი ცხადია, ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში, თუმცა ის არც ერთი წუთით არ ეწინააღმდეგება ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს, მზად არის შეხვდეს, როგორც მთლიანი კონსილიუმის შემადგენლობას, ასევე მათ ინდივიდუალურად.

ასევე, ვფიქრობთ და მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ამჟამად მოქმედი კონსილიუმის ვიზიტი, ვიდრე, პარტნიორი კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს შეფერხებისა და ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე, ისე, რომ ექიმებს, ადამიანებს, რომელთაც ევალებათ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა დ ჯანმრთელობის დაცვა, ჰქონდეთ საშუალება საკუთარი შეხედულებისამებრ, საჭიროებისამებრ, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი და მისი სამედიცინო შემოწმება მოახერხონ. ვფიქრობ, ყველა კითხვას რა დამოკიდებულება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ამჟამად მოქმედ კონსილიუმთან არის უკვე პასუხგაცემული.

მიხეილ სააკაშვილი მზად არის ამჟამად მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, ცხადია, იმ მკაფიო დათქმით, რომ ითხოვს ძალიან სწრაფად პარიტეტულ საწყისებზე, ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც შოთა თუთბერიძემ განაცხადა, კონსილიუმს უკვე ელოდებიან.

„ჩვენ უკვე ველოდებით კონსილიუმს, ნებისმიერ დროს შეიძლება კონსილიუმის წევრები აქ მოვიდნენ და შეხვდნენ პრეზიდენტს“, – განაცხადა ადვოკატმა.