როგორც კი კიევის ცენტრში ბევრი ადამიანი შეიკრიბება, აუცილებლად იმავე დღეს დავბრუნდები. უბრალოდ, ჩავჯდები თვითმფრინავში და „ბორისპოლში“ ჩავფრინდები. არ დავიწყებ მავთულხლართების გარღვევას, არც მთის ბილიკებზე გადასვლას, უბრალოდ, თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩავალ, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NEWSONE-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ინტერვიუში სააკაშვილი უკრაინელი დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს დაკავებასაც გამოეხმაურა და უკრაინის მთავრობა გააკრიტიკა.
„რაც შეეხება სავჩენკოს, ახლა მთავრობა ერთ დიდ საქმეს ამზადებს: სახელმწიფო გადატრიალებას. იქ ყველაფერი ერთად იქნება – სავჩენკო, სააკაშვილი, კურჩენკოს რაღაც არარსებული ფული. ეს არის რეჟიმი, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინელებისთვის წარმატების მოტანა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. შემდეგ ისინი დაიწყებენ საუბარს, რომ ვერაფერს მიაღწიეს, რადგან მათ წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.