LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ხიდურელი – ძირითადი სექტორები, რაშიც საუდელი ბიზნესმენები ინვესტიციებს დებენ, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ემთხვევა

396
ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნესფორუმი  გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი საუდური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰიმ.

საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. მისი თქმით, დღესდღეობით საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების წილი საქართველოში 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ისეთი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი მაჩვენებელია.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფორუმი, საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი საუდელ ბიზნესმენებთან ერთად, საფუძველს ჩაუყრის საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამომავლო ურთიერთობების განვითარებას. ძირითადი სექტორები, რაშიც საუდელი ბიზნესმენები ინვესტიციებს დებენ, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ემთხვევა. ეს არის: უძრავი ქონება, სტუმარმასპინძლობის სექტორი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. სწორედ ამ სექტორების წარმოჩენა, მათი უპირატესობების ჩვენება და კონკრეტული შეთავაზებების წარდგენა მოვახდინეთ საუდელი ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ღონისძიებას 300-მდე დელეგატი დაესწრო, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.