“მიხეილ კალანდია მსხვერპლია ამ გარიგებისა და ემსახურება მთავარ გარიგებას – ირაკლი შოთაძემ უპრობლემოდ განაგრძოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საქმიანობა,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ კალანდიას დამნაშავედ ცნობა “ქართული ოცნების”, “ევროპული საქართველოს”, გენერალური პროკურატურისა და ზაზა სარალიძეს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლემ მიხეილ კალანდიას პოლიტიკური პატიმრის სტატუსი გაუფორმა.
ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება – კალანდიას ძმა
“თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას გაუფორმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი – მან დღეს გაასაჯაროა “ქართული ოცნების”, “ევროპული საქართველოს”, გენერალური პროკურატურისა და ზაზა სარალიძეს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ემსახურება ქვეყანაში, სხვა განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში, დესტაბილიზაციის რეალური წყაროს დაუშვებლობას”, – აცხადებს თოდუა.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნო. დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის მას 15 წელი მიესაჯა,თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, საბოლოდ მას ციხეში 11 წლის და 3 თვის გატარება მოუწევს.