LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

534
234713005

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება. ამბობს, რომ სურს ადგილი ახალ ადამიანებს და ახალ ენერგიას დაუთმოს.

„მეგობრებო, მსურს, ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი – სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. დღეს კი, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ,

5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა, ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო“, – წერს გიორგაძე.

ამასთან, მიხეილ გიორგაძე თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის კულტურისა და სპორტის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და საკუთარ კოლეგებს.

„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ჩვენს გუნდს, ჩემს კოლეგებს, თითოეულ იმ პროფესიონალს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი! სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნავს მიხეილ გიორგაძე „ფეისბუქპოსტში“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას  2014 წლის 23 ივლისიდან იკავებდა.  მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროს, ჯერ სპორტი შეუერთეს, შემდეგ კი განათლების სამინისტრო, გიორგაძე მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილე იყო.

1998 წლიდან 2014 წლის ივლისამდე გიორგაძე „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი იყო, რომელიც ჯაზ-ფესტივალებს უწევს საქართველოში ორგანიზებას. პარალელურად, 2005-2014 წლებში იყო თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები