მწერალი დათო ტურაშვილი განმარტავს, რა მიზეზით ჩავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვში. დათო ტურაშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში – „მე-17 სართული“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვში ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის შვილის ნათლობაზე იმყოფებოდა, სადაც რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვსაც შეხვდა:
„მითხრეს, რომ რომელიღაც სააგენტომ ჩემი მოსკოვში გადაღებული ფოტო გაავრცელა. არ მგონია, იმ სააგენტომ ბოროტი განზრახვით გაავრცელა..
ნამდვილად ვარ მოსკოვში ნამყოფი ორი მიზეზის გამო. წიგნი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ გამოვეცი – „ჯინსების თაობა“, ყველაზე მეტად მინდოდა, რომ რუსეთში გამოცემულიყო და რუსებს წაეკითხათ და გაეგოთ.. ახლაც მინდა, რომ ეს წიგნი გამოსცენ რუსეთში და ამ წიგნის გამო შევხვდე რუს მკითხველებს. ეს ძალიან მინდოდა, იმიტომ, რომ სინამდვილეში, რაც ამ წიგნში წერია, ყველაზე მეტად მათთვის არის დაწერილი.
მათ მოვუყვე, ავუხსნა, რატომ არ გვინდა ვიყოთ საბჭოთა კავშირის ნაწილი. ილუზია არ მაქვს, რომ ამ წიგნს რომ წაიკითხავენ, ან ფილმს რომ ნახავენ, წარმოდგენა შეეცვლებათ, რომ რამე იმოქმედებს მათზე, მაგრამ მაინც..
რუსეთში ბოლოს ჩატარებული კვლევით, ფიქრობენ, რომ ქართველები ვართ 63 მილიონი და მუსლიმანური ქვეყანა. როგორი არასწორი წარმოდგენა აქვთ საქართველოზე და საერთოდ არაფერი იციან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე.
ამიტომ ჩავედი, სხვათა შორის, სწორედ 2008 წლის შემდეგ. მქონდა მიზეზი იმიტომ, რომ ნათლობაზე დამპატიჟა რეზიკო გიგინეიშვილმა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, წმინდა საქმეა, ნათლობაზე უარს როგორ ვეტყოდი, უცნობებისთვის არ მითქვამს უარი და რეზიკოს გიგინეიშვილს როგორ ვეტყოდი უარს.
რეზიკოს ყოფილი მეუღლე იყო დიდი რეჟისორის და ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის, ნიკიტა მიხალკოვის შვილი.
წითელ მოედანზე იმიტომ გადავიღე, ერთ ფოტოში ილია ჭავჭავაძის გამოსახულებიანი მაისური მაცვია და მეორე მაისური კოტე ყუბანეიშვილის სიტყვებით მქონდა: „ჩეჩენ-ვეჩენ“.
წითელ მოედანზე კი იმიტომ მივედი, რომ მინდოდა მენახა – აბელ ენუქიძემ მე-20 საუკუნის დასაწყისში რაჭული ფიჭვი და ნაძვი წაიღო და დარგო წითელ მოედანზე, მინდოდა მენახა, ისევ ხარობს თუ არა..
ნათლობის შემდეგ არანაირი სუფრა არ ყოფილა, მხოლოდ მე და რეზო ვიყავით, რეზიკომ თქვა, მაინც სიმამრია ჩემი, ვეტყვიო [წიგნზე], რადგან ვუთხარი – შეგიძლია მიშუამდგომლო რომელიმე გამომცემელთან? იმიტომ, რომ ყველაზე მაგრად მინდა რუსებმა წაიკითხონ და რუსი მკითხველი გაეცნოს, რატომ არ გვინდა რუსეთთან ყოფნა.
მითხრა: ძალიან კარგად მაქვს წაკითხული და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს რუსეთში არ გამოვიდესო.
ცივად მითხრა და მეც ცივად ვუპასუხე. კი ვიფიქრე, რეზოსთვის იქნებოდა უხერხული, შვილის ნათლობის დღეს, მის სიმამრთან ურთიერთობა დაძაბულიყო.
მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. მან დაიწყო, დიდი რეჟისორი კი არის, მაგრამ დიდი შოვინისტია. ისეთი რაღაცები თქვა, მეც ვუთხარი: ასეთი შოვინისტი და კავკასიის და ქართველთმოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯათ ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს და მეორე ჩერქეზი-მეთქი. ძალიან გაბრაზდა..
ბოლოს ისიც ვუთხარი, 200 წლის წინ, თქვენმა გრიბოედოვმა ჩვენი ყველაზე კარგი გოგო, ნინო ჭავჭავაძე რომ წაიყვანა, აი, 200 წლის შემდეგ რეზიკომ სამაგიერო ხომ გადაგიხადათ-მეთქი“, – განაცხადა დათო ტურაშვილმა.