საქართველოს ტრანსპორტია და გზების ასოციცაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თვლის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფები გაიზრდება.
მისი თქმით, არსებული ფასების შენარჩუნებას, ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებამდე შეეცდება..
ამის შესახებ მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელია, თუმცა ყველანაირი მცდელობა იქნება, რომ არსებული ტარიფები შენარჩუნდეს თვითმართველობის არჩევნებამდე. ვინაიდან მგზავრობის გაძვირება, ნაწილობრივ მაინც იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე.”
ის შესაძლო გაძვირების მიზეზებზეც საუბრობს. როგორც მესხიშვილი ამბობს, მგზავრობის საფასურის გაზრდას გამოიწვევს არა მხოლოდ, საწვავზე აქციზის ზრდა, არამედ, ტრანსპორტისთვის ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები.
“ის რომ ზრდა გარდაუვალია ამას 40 თეთრიანი “მარშუტკის” მაგალითიც მეტყველებს (10 თეთრით მოიმატა). რა თქმა უნდა, მგზავრობის გაძვირება უკავშირდება საწვავზე აქციზის ღირებულების გაზრდას და არამარტო ამ ფაქტს.
მიკროავტობუსები, ავტობუსები ასაკის მატებასთან ერთად საჭიროებენ უფრო ხშირ და ინტენსიურ სარემონტო სამუშაოებს, შესაბამისად უფრო მეტ ავტონაწილს, რომელთა ღირებულებაც გაზრდილია დოლარის კურსის გამო. სარემონტო სამუშაოების არ ჩატარებით კი, მგზავრთა ისედაც დარღვეული უსაფრთხოების სტანდარტი საგანგაშო ნიშნულამდე დაეცემა. მთელი ეს ხარჯი დ პასუხისმგებლობა პირდაპირ აწვება მძღოლს კისერზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა წამგებიან პოზიციაშია. მძღოლი, რომელსაც თანხა ვეღარ მიაქვს ოჯახში და ითხოვს მგზავრობის გაძვირებას. მგზავრი, რომელიც ვეღარ იხდის გაზრდილ ტარიფს და ვეღარ ახერხებს გადაადგილებას. ხელისუფლება, რომელიც არჩევნების მოგებაზე ფიქრობს და ტარიფები ხელოვნურად კბილებით უჭირავს. თუმცა 10 თეთრით ზრდა მაინც მოხდა, ეს უკვე კარიესია!”, – წერს მესხიშვილი.