ბაკურციხე–გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს კომუნიკაციების გადატანის, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლისა და მიწის სამუშაოები. მშენებლობის დასრულება გაზაფხულზე იგეგმება.
გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. გურჯაანი–ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.
პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის, გურჯაანის შემოვლითი 15.5 კმ-აიანი მონაკვეთის უსაფრთხოების ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.