LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღვდელმსახურის წოდების მისაღებად მოქალაქეები რიგში დგანან

370

„გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას უკვე 100-ზე მეტი მღვდელმსახური ჰყავს.
რელიგიური ორგანიზაცია ”საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება” 2017 წლის მარტში დარეგისტრირდა და როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მღვდელმსახურის წოდების მისაღებად მოქალაქეები რიგს ამ დრომდე უცდიან. სასულიერო პირად კურთხევისთვის საკმარისია მსურველისა და ”გირჩის” იდეოლოგია ერთმანეთს ემთხვეოდეს. ”ბიბლიური თავისუფლების” მთავარი მღვდელმსახურის ნიკა ობოლაძის თქმით, ორგანიზაციის მთავარი ღირებულება ადამიანის თავისუფლებაა და სხვა დანარჩენს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

”მოქალაქეები მღვდელმსახურად კურთხევის სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ ვესაუბრებით მათ, ვუხსნით, რომ ვერ გახდებიან მღვდელმსახურები, თუ აქვთ ჰომოფობიური, პრორუსული ან ფაშისტური შეხედულებები. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება. თუ მსურველები გვეთანხმებიან ამ ყველაფერში, ისინი იღებენ სასულიერო პირის წოდებას” – აცხადებს ”ფორტუნასთან” ნიკა ობოლაძე.

 

რას ქადაგებს ”ბიბლიური თავისუფლება”

რელიგიურ ორგანიზაციაში მღვდელმსახურად კურთხევის პროცესი მარტივი და მოკრძალებული ცერემონიაა. ”ბიბლიური თავისუფლების” წევრებთან გასაუბრებას გადიან სასულიერო პირად კურთხევის მსურველები, გასაუბრებისა და შეთანხმების შემდეგ კი ორივე მხარე ხელს აწერს მღვდელმსახურად კურთხევის დამადასტურებელ მოწმობას.
კურთხევის მიღების შემდეგ მღვდელმსახურს განსაკუთრებული ვალდებულებები არ ეკისრება, მთავარი სასულიერო პირი მას უფლებას აძლევს ”ბიბლიური თავისუფლების” სახელით ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას იქადაგოს.

”მოწმობის გადაცემის შემდეგ, ხელს ვართმევთ ერთმანეთს და წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, ეს ადამიანები უფლებამოსილები არიან ჩვენი რელიგიის, ეკლესიის სახელით იქადაგონ ნებისმიერ ადგილას, მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან, ბირჟაზე ან სადაც მოესურვებათ. იქადაგონ, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლება არის მთავარი. წესდებაშიც გვიწერია რომ ჩვენი მთავარი იდეოლოგიაა: თავისუფლება და სიყვარული.” – განმარტავს ნიკა ობოლაძე.

 

უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც არ იქნებიან მონები და ღატაკები
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება თუ ის არის მღვდელმსახური ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.
სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად ”გირჩმა” რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაციის წევრები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ”ბიბლიური თავისუფლება” მხოლოდ ერთ მიზანს არ ემსახურება.

”არიან ადამიანები, ვინც ჯარში არ გაუწვევიათ, თუმცა ისინი მაინც გაერთიანდნენ ჩვენს ორგანიზაციაში. მხოლოდ იმიტომ მიიღეს მღვდელმსახურის წოდება, რომ ეთანხმებიან ჩვენს იდეოლოგიას. ჩვენი რელიგიური ორგანიზაციის მთავარი მიზანია, ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც არ იქნებიან მონები და ღატაკები, ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორი ქვეყნისაც ჩვენ გვწამს” – აღნიშნავს ”ფორტუნასთან” ნიკა ობოლაძე.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები