LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუდ მელაძე გვირჩევს, როგორ მოვუაროთ მანქანას, რათა თოვლში პრობლემები არ შეგვექმნას – „თუ ზამთრისთვის შესაბამისად გვაცვია, ავტომობილიც შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი“

470
mevlud meladze 22

თბილისში რამდენიმე დღეა თოვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში 21 იანვრამდე ამინდის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოსალოდნელი არაა.

როდის გამოიდარებს და რა ტემპერატურა გველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში

ზამთრის სუსხიან ამინდში ავტომობილებს შესაძლოა, სხვადასხვა პრობლემა გაუჩნდეთ. გვინახავს ავტომობილის გაყინული მინები, რაც პრობლემას ქმნის, ვინაიდან მისი გალღობა რთული საქმეა.

როგორ მოვუაროთ მანქანას ზამთარში, რა წესები უნდა დავიცვათ და როგორ ვმართოთ ავტომობილი ზამთარში უსაფრთხოდ – ამ კითხვებით „ფორტუნამ“ ავტომრბოლელ მევლუდ მელაძეს მიმართა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ დილით ავტომობილის გაყინული მინები არ დაგვხვდეს, რამდენი პროცედურაა ჩასატარებელი.

„როცა მანქანას გაჩერებისთანავე დავტოვებთ თოვლში, ყველა შემთხვევაში მინები დილით გაყინული დაგვხვდება, ამიტომ ჯობია, გაყინვამდე ერთხელ გავწმინდოთ შუშები, მერე როცა მანქანა ცივი იქნება და დაათოვს, არ გაიყინება და დილით იოლად გაიწმინდება.

კიდევ უფრო უკეთესია, ყინულის საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით მინების გაწმენდა, ამ შემთხვევაში დილით მინებზე არანაირი ყინული არ დაგვხვდება და საწვალებელი არ გვექნება.

ხშირად მეკითხებიან ხოლმე – „რამდენი ხანი სჭირდება მანქანას, რომ გავათბო?“.

რეალურად თანამედროვე მანქანებს გათბობა არ სჭირდება. თუ შუშა დაორთქილია ან გაყინული, მაშინ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება მოგვიწევს.

  • თუ მინა გაყინულია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ცხელი წყლის დასხმა, რადგან მინა შეიძლება, გასკდეს.
  • არც თბილი წყლის დასხმაა რეკომენდებული, როდესაც რაღაც ფენა ჩამოირეცხება, მაშინვე გაიყინება, რადგან მინა ძალიან ცივია.

საჭირო შედეგის მისაღებად ბევრი თბილი წყალი დასჭირდება და ამ ყველაფერს ცუდი შედეგიც აქვს: წყალი, რომელსაც მინებს დავასხამთ, ავტომობილის სხვა ნაწილებში ჩავა და მერე ის ნაწილები იყინება.

 

მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევა - რა წესები უნდა დავიცვათ გზებზე ზამთარში

დედაქალაქში გადაადგილება გართულებულია. მძღოლების ნაწილი პრაქტიკის და სათანადო ცოდნის არქონის გამო თოვლიან გზაზე სიარულს თავს არიდებს, მთავარი პრობლემა კი გზაზე მოცურებაა

 

ამიტომ უმჯობესია, მინას წყალი საერთოდ არ დავასხათ.

რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ამ შემთხვევაში არაყი ერთ-ერთი კარგი გამოსავალია. არაყი მარტივად ალღობს ყინულს. თუ კარის მინა გაიყინა და ჩაიჭედა, მასაც ადვილად ალღობს, მაგრამ ამ მეთოდს მაინც სპეციალური ხსნარი ჯობია.

უმჯობესია, ხსნარი წინასწარ დავასხათ შუშებზე და ნაჭერი გადავუსვათ. დილით პრობლემები აღარ დაგვხვდება.

სპეციალური ხსნარი ორთქლის საწინააღმდეგოცაა. მანქანის შიგნით, მინებზე რომ დავასხათ, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში არა დაიბურება და არც დაიორთქლება.

 

 

მევლუდ მელაძე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სპეციალური ხსნარის მისხურებით სწრაფად შეიძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარება, თუმცა დასძენს, რომ „იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს ხსნარი და შუშა დაიორთქლა, სხვა გამოსავალიც არსებობს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ცივა, შეგვიძლია ჩავრთოთ კონდიციონერი და რამდენიმე წამში მინა აღარ იქნება დაორთქლილი. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ თბილ ჰაერზე“, – ამბობს მევლუდ მელაძე „ფორტუნასთან“.

როგორც მელაძე განმარტავს, აუცილებელია, ყინვაში მანქანით გადაადგილებისას მარშრუტი სწორად დაიგეგმოს, რაც ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან.

„როდესაც მოყინულ გზაზე გვიწევს გადაადგილება, შეგვიძლია, მარშრუტი ისე დავგეგმოთ, რომ სულ ვაკე გზებზე ვიაროთ.  ყინვის დროს ყველაზე რთული აღმართზე და დაღმართზე გადაადგილებაა.

აღმართზე უფრო რთული დაღმართზე სიარულია. თუ დაღმართზე ავტომობილი დავამუხრუჭეთ და არ ჩერდება, ვერაფერს შევცვლით. არანაირი შანსი არ გვაქვს.. ფიზიკის კანონებს ვერ შევეწინააღმდეგებით.

  • უნდა ვეცადოთ, რომ მკვეთრი მანევრი და მუხრუჭი არ გამოვიყენოთ.
  • მძღოლებთან დისტანცია უნდა გავასამმაგოთ, რათა წინ მოძრავი მანქანის ნებისმიერი მანევრის დროს, მკვეთრი დამუხრუჭება არ მოგვიწიოს.

ძალიან კარგია თუ გვექნება ABS სისტემის მუხრუჭი.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: გზის გაწმენდით სამუშაოებში 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული, 350 თანამშრომელი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

ადრე ავარიები იმიტომ ხდებოდა, რომ მძღოლი კი ამუხრუჭებდა მანქანას, მაგრამ ის სრიალებდა და შეჯახება მაინც გარდაუვალი იყო. ABS  სისტემას აქვს ერთი მინუსი. თუ ძალიან არამდგრადი გზის ზედაპირია, სამუხრუჭე მანძილი გაცილებით იზრდება, იმიტომ რომ მართვა შეგინარჩუნოს.

იმ შემთხვევაში, როცა გზა მოყინულია, დათოვლილია ან თუნდაც მარილმოყრილია, თუ მანქანა იქ არ გაჩერდა, სადაც გვინდა,  შეჯახება გარდაუვალია. ამიტომ ABS სისტემის ქონის შემთხვევაშიც, წინ მოძრავ მანქანასთან დისტანცია უნდა გავასამმაგოთ.“ – განმარტავს მელაძე.

ამასთან, მელაძე ამბობს, რომ ჯობია, რომ  ზაფხულში ზაფხულის საბურავები გვქონდეს და ზამთარში ზამთრის, მაგრამ თუ ორივეს შეძენას ვერ ვახერხებთ, მაშინ ჯობია, ზაფხულშიც ზამთრის საბურავები გვეყენოს, ვიდრე ზამთარში ზაფხულის.

„ზაფხულში რომ გამოვიყენოთ ზამთრის საბურავები მათ გზის საფართან მინიმალური მოჭიდება მაინც ექნებათ, ხოლო ზაფხულის საბურავებს კი ზამთარში ნულოვანი მოჭიდება აქვთ.

მარტივად რომ ავხსნათ, ზაფხულშიც და ზამთარშიც ზამთრის საბურავს 70%-იანი მოჭიდება აქვს.

ზაფხულის საბურავს კი ზამთარში 5%-იანი მოჭიდება აქვს. ასეთ დროს, საჭესთან მე ვიჯდები თუ ნებისმიერი სხვა, ვერაფერს გააწყობს, რადგან ამ შემთხვევაში პროფესიონალ მძღოლობას არანაირი უპირატესობა არ აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები ყველამ გაითვალისწინოს, რადგან შეიძლება ერთმა გაუფრთხილებელმა მძღოლმა ბევრი სხვა  დააზარალოს. ხოლო საგზაო შემთხვევა შენი მიზეზით მოგიხდება, თუ სხვისი, მნიშვნელობა არ აქვს.

ზამთარში მძღოლები ძალიან უნდა გავფრთხილდეთ.

შორტებით ხომ ვერ ვირბენთ მინუს ხუთ გრადუსში. შეიძლება, ერთჯერადი თერაპიისთვის გაყინულ წყალშიც ჩავყვინთოთ, მაგრამ ასე ხომ არ გაგრძელდება მუდმივად. ამიტომ თუ ზამთრისთვის ვემზადებით და შესაბამისად გვაცვია, ავტომობილიც შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი და შესაბამისად უნდა მოვუაროთ“. – ამბობს მელაძე „ფორტუნასთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები