LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევენახეებმა, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, 18 მილიონამდე ლარი მიიღეს

124

რთველის პროცესი კახეთში აქტიურ ფაზაში შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,6 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაში შევიდა. 11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18.6 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 18 მილიონამდე ლარი მიიღეს. ღვინის ექსპორტის ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და გაიზარდოს მევენახეების შემოსავალი, რაც დაფიქსირდა კიდეც 2017 წლის რთველის პროცესში“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 132 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 67 მათგანი.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 7,1 ათასი ტონა, სიღნაღი – 4,2 ათასი ტონა, თელავი – 2,7 ათასი ტონა, გურჯაანი – 1,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,7 ათასი ტონა, ახმეტა – 628 ტონა, ლაგოდეხი – 300 ტონა და საგარეჯო – 193 ტონა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 7 ათასი ტონა რქაწითელი, 9,3 ათასი ტონა საფერავი, 828 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები