დიღმის მასივში მცხოვრები მეგრელიშვილების სახლში ამ წუთებში აღსრულების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. როგორც „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, დღეს იძულებითი გამოსახლების პროცესია ჩანიშნული.
ადგილზე შეკრებილები არიან მეგრელიშვილების ოჯახის ახლობლები და მეზობლები. როგორც ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, [ოჯახს] სახლიდან „მევახშის“ გამო ასახლებენ:
„რამდენიმე წლის წინ დაიწყო 6 000 დოლარიდან და ავიდა 38 000 დოლარზე, ოღონდ სარგებელი ჩვენ არ გვინახავს, იმ 38 000-ში ქალბატონს უნდა, ბინა მიისაკუთროს, ადვოკატის პირით შევუთვალეთ, რომ გაიყიდოს სახლი და აიღოს კუთვნილი ფული, რომ მე საგირაო ფული დამრჩეს და ქუჩაში არ დავრჩე“, – ამბობს დაზარალებული.
„მევახშე ფულს არ იღებს, აქ არის პირდაპირი ნადირობა სახლზე, რადგან ისეთ ადგილზეა, რომ ეს ბინა 100 000 მაინც ღირს.
სახელმწიფომ მისცა ნება, რომ ამათ დაუოკებელი სიხარბე დაიკმაყოფილონ. მათ არ ასახლებს არც მევახშე და არც აღსრულების პოლიცია, ამას ასახლებს სახელმწიფოს პოლიტიკა, სახელმწიფოს არ აქვს ძალა, რომ თავისი მოსახლეობა დაიცვას, თორემ სახელმწიფოს ბერკეტი გააჩნია“, – ამბობს დაზარალებულის ახლობელი.
„ფორტუნას“ აღსრულების ბიუროში განუცხადეს, რომ აღსრულების პოლიციის, ასევე სოციალური მუშაკების ჩართულობით მხარეებს შორის ამ დრომდე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს მოლაპარაკება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის, მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის, სოციალური მუშაკების ჩართულობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება მხარეებს შორის – მოვალესთან, კრედიტორთან. თუკი მხარეები რაიმე პირობაზე ერთმანეთთან მოლაპარაკებას შეძლებენ – გადადებაზე, დროებით შეჩერებაზე, ან გამოსყიდვაზე, ანუ თუ ჩვენი ჩართულობით ისინი მოახერხებენ რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევას, ჩვენ ცხადია დავემორჩილებით მათ შეთანხმებას, თუ რამდენიმე საათში ვერ შედგა რაიმე ტიპის შეთანხმება, აღსრულების პოლიცია ვალდებულია, აღასრულოს ის, რაც სასამართლომ თქვა“, – განგვიცხადეს აღსრულების ბიუროში.
მეგრელიშვილების ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ქალი ცხოვრობს.