ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა, “ამბოხებულ” ბერებს, დედებსა და საერო პირებს ზიარების უფლება აუკრძალა. ამის შესახებ მან ქადაგებისას ისაუბრა. მიტროპოლიტმა სასულიერო და საერო პირებს მონანიების ერთკვირიანი ვადა მისცა და განაცხადა, რომ ეს ადამიანები ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ არიან მართულნი.
მან ასევე პეტრე ცაავასა და მამა ანდრია სარიას ცრუ უწოდა და ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„სასულიერო პირებს ჩემს იურისდიქციაში ვაძლევ ერთ კვირას, მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ თავისი საქციელი, ამბოხში მონაწილეობა. ვინც ამას არ გააკეთებს, ის, რაც ჩემზეა დამოკიდებული, იმას გავაკეთებ. ცრუ პეტრეს და მის ამფსონებს ვერ ვხედავ სასულიერო პირებად, თუ არ მოინანიებენ. თუ მოინანიებენ, მერე შეიძლება ყველაფერი მოხდეს სასიკეთოდ. უკვე ზღვარს გადააცილეს, ამიტომ მათ საკითხს წმინდა სინოდის წინაშე ვაყენებ.
ცრუ პეტრემ გამოაცხადა დაუმორჩილებლობა, განხეთქილება შემოაქვს და ეს არის დიდი დანაშაული, საშინელი დანაშაული. არის პირდაპირი მოწოდება სამღვდელოებისადმი, რომ არ დაემორჩილონ ეკლესიას და წმინდა სინოდს. ამ განხეთქილებას ეპარქიაში არ დავუშვებ”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მეუფე სტეფანე ეპარქიის რეზიდენციის ეზოში 8 მარტს განვითარებულ ცნობილ მოვლენებს, ეკლესიაზე თავდასხმად აფასებს. ის ასევე ცალკეულ მედიასაშუალებებს მოუწოდებს „სინანულისკენ“, რადგან მისი თქმით, აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, სწორედ, ჟურნალისტების ნაწილი ეწევა ცრუ პროპაგანდას.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან განაყენეს, საპატრიარქომ ეპარქიის მმართველად ჯერ გრიგოლ კაცია, შემდეგ კი – სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნა. მრევლის ნაწილი მათ ეწინააღმდეგება და ეპისკოპოსი პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობის და მისი სიმართლის დადასტურებას ითხოვს.