საუფლო კვართი გახლავთ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო… ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა – ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, ჩვენი ერისთვის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება. კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც შემოინახეს მათ ასე უმწიკვლოდ და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიოს (მუჯირმა) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
„გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი კურთხევა. აი, ამ შესანიშნავ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ იმაზე, თუ რამ განაპირობა, რა ძალამ და მადლმა, რომ ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და გადარჩა. ღირსმა მაქსიმე აღმსარებელმა ასეთი შესანიშნავი რამ ბრძანა: „სანამ ღმერთი შექმნიდა სამყაროს, შექმნიდა საუკუნეებს, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მან განსაზღვრა ყოველი ადამიანის ცხოვრება მისთვის სასარგებლოდ, ადამიანისთვის სასარგებლოდ და ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი ამ საღვთო გზით ატაროს“. ამიტომ ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა, ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის შეგვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს. ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინება არის მცხეთაში მაცხოვრის საუფლო კვართის მობრძანება. ჩვენი ერის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების ჩვენს მიწა-წყალზე ქადაგება, შემდეგ, IV საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს მობრძანება და ქადაგება, წმინდა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევა, ქართლის მოქცევა, მთელი ჩვენი ერის გაქრისტიანება, სვეტიცხოველთან და მცხეთის ჯვართან დაკავშირებული მოვლენები და სასწაულები, შემდეგ, V საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება, ასეთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ასევე VI საუკუნეში ღირსი ასურელი მამების ჩამობრძანება და ჩვენს ქვეყანაში მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება და დაფუძნება, შემდეგ ბაგრატიონთა დინასტიის დაარსება, და ა.შ. მაგრამ ამ ჩამოთვლილი მოვლენებიდან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში, ამ წმინდა ტაძარში.
თქვენ იცით, ეკლესიის მამების სწავლებით, რომ საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომავალი ერთობისა. იმ ერთობისა, რომლის დარღვევაც არ ძალუძს კვართის მფლობელს. წმინდა მამები წერდნენ, რომ ქრისტეს შესამოსელი ვერ ექნება იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას. ამ ერთობაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ბრძანებს: „მე და მამა ერთ ვართ“, ასევე, როდესაც ლოცვით მიმართავს მამაზეციერს. თქვენ გახსოვთ, სამეუფოო ლოცვაში იგი ლოცულობს ყოველი მორწმუნისთვის და ასეთ სიტყვებს ამბობს: მამაო, ის დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მე მათ მივეცი, რომ ისინიც ერთ იყვნენ, როგორც მე და შენ ერთნი ვართ. ამრიგად, აი, საუფლო კვართი გახლავთ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო და, შესაბამისად, უფალ იესო ქრისტეს სიმბოლოც, როგორც მის მიერ დაარსებული ეკლესიის თავისა. ეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა – ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, ჩვენი ერისთვის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც შემოინახეს მათ ასე უმწიკვლოდ და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე. ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე და მოგახსენეთ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა ძალამ გადაგვარჩინა ჩვენ, რამ მოგვიყვანა აქამდე. ამაზე შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). ის წერდა, რომ ქართველი ერი ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, ეკლიანი გვირგვინი დაიდგა, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება არავის შეარყევინა და ნათელი ბნელით არავის შეაცვლევინა. მხოლოდ ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება. აი, ეს არის წმინდა ილია მართლის სიტყვები. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც, ღვთის მადლით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ერი წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას. გვწამს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ ამ ღვთივდადგენილი გზით ვივლით, თუ ვეცდებით, რომ აღმოვფხვრათ ის ცოდვები, რომლებიც მიუღებელია ღვთისთვის, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გამრავლებას, განვითარებას, სულიერ აღმავლობას, მაშინ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო, ამიერიდანაც არ დაგვტოვებს, ჩვენთან იქნება, შეგვეწევა და გაგვაძლიერებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ინებოს უფალმა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და ლოცვით, წმინდა საუფლო კვართის მადლითა და ძალით გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ”,-აღნიშნა მეუფე შიომ.