LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო: უფალი გვიჩვენებს, რა არის ყველაზე ძვირფასი მისთვის ადამიანში, ეს არის არა გონება, გარეგნული სილამაზე, არამედ ადამიანის სიყვარული ქრისტესადმი

109
შიო

უფალი გვიჩვენებს, რა არის ყველაზე ძვირფასი, სასიხარულო და სათნო მისთვის ადამიანში, ეს არის არა გონება, არა ადამიანის გარეგნული სილამაზე, არც სიმდიდრე, არც სამეცნიერო ცოდნა თუ სახელოვნებო ოსტატობა, არამედ, პირველ რიგში, ღვთისთვის ყველაზე სათნო – ეს არის ადამიანის სიყვარული მისდამი, ქრისტესადმი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მენელსაცხებლე დედათა კვირას, ჯვართაღმართების დღესასწაულზე სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება და აგრეთვე ჩვენი ეკლესიის შესანიშნავი დღესასწაული – ჯვართაღმართება.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და დალოცვას. შეგვეწიოს ჩვენ მისი ლოცვა-კურთხევა ყველას.

საოცარია მენელსაცხებლე დედების მიერ გამოვლენილი სიყვარული და ერთგულება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი. მათ დაუტევეს თავიანთი ოჯახები, თავიანთი ახლობლები იმისთვის, რომ ყოველთვის ყოფილიყვნენ იესო ქრისტესთან და თქვენ იცით, რომ მას ემსახურებოდნენ. და როდესაც უფალი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში იგი ყველამ მიატოვა, ყველამ უღალატა, როდესაც იგი გასცეს, როდესაც შეიპყრეს, როდესაც გაასამართლეს და შემდეგ ჯვარს აცვეს და როდესაც კლავდნენ მას, როგორც ბოროტმოქმედს და ავაზაკს, როდესაც მხოლოდ ნაცნობობა მისი უკვე სახიფათო იყო, აი, სწორედ იმ ჟამს მენელსაცხებლე დედები იყვნენ მის გვერდით. 

თქვენ იცით, რომ იგი მიატოვეს საყვარელმა მოციქულებმაც კი, რომლებსაც უფალი სთხოვდა, რომ მასთან ყოფილიყვნენ. გახსოვთ მისი სიტყვები, რომ „სიკვდილამდე მწუხარეა ჩემი სული”, – უთხრა უფალმა თავის მოციქულებს.

„აქ იყავით და იფხიზლეთ“, – სთხოვდა იგი მათ, მაგრამ მოციქულთაგან ერთმა უღალატა, მეორემ უარი თქვა მასზე, დანარჩენები გაიქცნენ და მენელსაცხებლე დედები, რომელთაც უფალი არაფერს სთხოვდა, არაფერი უთქვამს მათთვის, ბოლომდე დარჩნენ მასთან და არ შეეშინდათ. არ შეეშინდათ არც მაშინ, როდესაც ჯვარცმიდან მესამე დღეს, ებრაელთა ჩვეულებისამებრ, უნდა მისულიყვნენ და მიეტანათ სურნელოვანი ნელსაცხებელი და ეცხოთ მისი წმინდა სხეულისთვის. იქ მისვლა არ შეეშინდათ.

გარიჟრაჟზე მიდიან მაცხოვრის საფლავთან და გზაში დარდობდნენ, რომ ლოდს ვინ გადაგვიგორებს ჩვენ, როგორ შევიდეთო. როდესაც უახლოვდებიან საფლავს, ხედავენ, რომ ლოდი გადაგორებულია. ისინი შედიან საფლავზე და ხედავენ, რომ ანგელოზი ზის ფერხით, იმ ადგილას, სადაც იყო იესო ქრისტეს გვამი და სხეული, და ანგელოზმა მათ უთხრა: „რასა ეძიებთ ცოცხალსა მას მკვდართა თანა, აქ აღარ არის, არამედ აღდგა იგი მკვდრეთით“.

აი, მათი სიყვარულისთვის, მათი ერთგულებისთვის, უფალმა ასეთი ნუგეში მისცა, ასეთი უპირატესობა მიანიჭა მათ, რომ მენელსაცხებლე დედებს პირველებს აუწყა მაცხოვრის აღდგომა მკვდრეთით, პირველი „გიხაროდენი“ სწორედ მათ ახარა, რომელიც აი, ამდენი საუკუნეა გაისმის და მთავარი სასოებაა ჩვენი სიხარულისა და ჩვენი სარწმუნოებისა. რაზე გვაფიქრებს ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ? – რომ ამით უფალი გვაჩვენებს, რა არის მისთვის ყველაზე სათნო ადამიანში, რატომაც მოხდა, რომ პირველებმა ამ დედებმა შეიტყვეს ეს და შემდეგ მთელ სამყაროს აცნობეს. და მოციქულებსაც პირველებმა მათ აცნობეს.

ე.ი. ამით უფალი გვიჩვენებს, თუ რა არის ყველაზე ძვირფასი, სასიხარულო და სათნო მისთვის ადამიანში. ეს არის არა გონება, უპირველეს ყოვლისა, არა ადამიანის გარეგნული სილამაზე, არც სიმდიდრე, არც სამეცნიერო ცოდნა თუ სახელოვნებო ოსტატობა და ა.შ., არამედ, პირველ რიგში, ღვთისთვის ყველაზე სათნო – ეს არის ადამიანის სიყვარული მისდამი, ქრისტესადმი. ეს არის უმთავრესი. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია და აი, ასეთი სიყვარული გამოავლინეს მენელსაცხებლე დედებმა, სიყვარული, რომელიც აღემატა მოციქულთა სიყვარულსაც კი, რომლებიც სულ მუდამჟამს მაცხოვრის გვერდით იყვნენ და ყველაფერს ისმენდნენ, ყოველ სიტყვას მაცხოვრისას. აი, მათზე აღმატებული აღმოჩნდა მენელსაცხებლე დედების სიყვარული და სწორედ ამიტომ მათაც მოციქულებს, მამაკაცებს და შემდეგ მთელ სამყაროს პირველებმა, ვიმეორებ, დედებმა ახარეს და აუწყეს.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც თუ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანები, უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი სიყვარული მოვიპოვოთ და ვიქონიოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგვცეს ძალა ასეთი სიყვარულისა.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს დამოკიდებულებაზე უფალ იესო ქრისტესადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი, ჩვენი მოყვასისადმი, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ არა ჩვენს მსოფლმხედველობაზე და მართებულ, ასე ვთქვათ, შეხედულებაზე, რომელმაც ვერ დაიცვა მოციქულები შიშისა და მუქარისგან, არამედ ვიფიქროთ, ჩვენს სიყვარულზე, გვაქვს თუ არა ასეთი სიყვარული.

აი, ეს კითხვა უნდა დავსვათ და თუ ჩვენ გვაქვს ასეთი გული, ასეთი ერთგული, ასეთი მოსიყვარულე, როგორიც ჰქონდათ მენელსაცხებლე დედებს, როგორიც ჰქონდათ იოსებ არიმათიელს და საიდუმლო მოწაფე ნიკოდიმოსს, რომელთა ხსენებაც ასევე დღეს არის, ასევე იოანეს, ახალგაზრდა მოციქულს. აი, თუ გვაქვს ასეთი გული ჩვენ, მაშინ ჩვენ დავძლევთ და გავუძლებთ მუქარასაც, შიშსაც, სიკვდილსაც და ვუერთგულებთ ღმერთს, ეკლესიას, ჩვენს სამშობლოს და ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

დღეს ასევე, როგორც მოგახსენეთ, არის ჯვართაღმართების შესანიშნავი დღესასწაული, რომელიც დააარსეს წმინდა მოციქულთასწორმა ქალწულმა ნინომ, მეფე მირიანმა, ეპისკოპოსმა იოანემ. როდესაც განსრულდა სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა, მაშინ მათ განიზრახეს ჯვრების აღმართვა და, როგორც გახსოვთ, სასწაულებრივად გამოჩნდა ის ადგილები, სადაც უნდა აღმართულიყო ჯვრები. ეს იყო მცხეთაში, უჯარმასა და თხოთის მთაზე. აი, საზეიმოდ მოხდა ამ ჯვრების კურთხევა, აღმართვა, და, როგორც გადმოგვცემენ ისტორიული წყაროები, იმჟამად კერპები მთელ ქართლში დაიმსხვრა ამ ჯვრების აღმართვასთან ერთად. და როგორც ბრძანა წმინდა მოციქულთასწორმა ქალწულმა ნინომ: ,,ეს ჯვრები იქნება ყოველთა ქრისტიანეთა მფარველად”.

გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ იცით, მას შემდეგ, ჟამთა ვითარების გამო, ეს დღესასწაული მივიწყებული იყო და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღადგინა ეს შესანიშნავი დღესასწაული. ყოველ წელს, ამ დღეს იკურთხება სამი ჯვარი და სხვადასხვა ეპარქიაში, სხვადასხვა ტაძარში მიბრძანდება მფარველად ჩვენი ერისა.

უფალმა ინებოს, რომ ყოველი კერპი ამ ახალი ჟამისა დაემხოს და დაეცეს ამ ჯვრის მადლით, და ამ ჯვრის ძალითა და მფარველობით გადარჩეს, გამთლიანდეს, და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა, ამინ!“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები