პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა სიონის საკათედრო ტაძარში იქადაგა. მისი განცხადებით, „შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს ეკლესიის სიტყვიერი დევნა, რისი დასტურიც ის მუდმივი შეურაცხყოფა და ცილისწამებაა, რომელიც საჯარო სივრცეში სასულიერო პირების მისამართით ისმის“.
მისივე თქმით, „ქრისტიანებიც უნდა იყვნენ მოწამეები, რადგან მათ უნდა მოაკვდინონ თავიანთი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ვნება-სურვილებს“.
„შეიძლება, დღეს ქრისტიანებს ფიზიკურად არ აწამებენ, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ მიმდინარეობს სიტყვიერი დევნა ეკლესიის, ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა და ცილისწამება, რომელიც ისმის საჯარო სივრცეში სასულიერო პირების მისამართით. ჩვენ გვტანჯავს ჩვენი სულიერი, შინაგანი ვნებები, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სხეულიდან, ამ წუთისოფლიდან და ჩვენი უხილავი მტრისგან, დემონებისგან. ამიტომაც წმინდა მამები, ისეთი დიდი მამა, როგორიც იყო ღირსი სვიმეონ, ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჩვენ ყოველდღეც კი შეგვიძლია მოწამებრივი ღვაწლი აღვასრულოთ და მოწამებრივი გვირგვინი დავიდგათ ქრისტესთვის ვევნოთ, თუკი ჩვენ შევებრძოლებით ჩვენს ვნებებს, სულიერ მტერს ეშმაკს და ჩვენ დაცემულ ბუნებას. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს ღირსი სიმეონი და ჩვენ განა ჯეროვნად ვებრძვით ჩვენს ვნებებს? ხომ არ გვყავს ჩვენც ისეთი კერპები, რომელსაც ვემსახურებით, ვემორჩილებით და ამით უარვყოფთ ქრისტეს, ვღალატობთ მას. სამწუხაროდ, ასეთი კერპები ჩვენ გვყავს, ეს არის ჩვენი ვნებები, გვაქვს ასევე კერპმსახურებაც, ეს არის ამ ვნებების დაკმაყოფილება და წახალისება.
რა ვნებებია ეს და რა ცოდვებია, ეს არის ნაყროვანება, სიმთვრალე, ნარკომანია, სიძვის ვნება, ვერცხლის მოყვარება, სიხარბე, აზარტული თამაშები, გაღიზიანება, მრისხანება, სიძულვილი, განკითხვა, სევდა და მოწყინება, ამპარტავნება, სიცრუე და ა.შ. თუ ეს ვნებები და ცოდვები ადამიანის ჩვევაში გადავა, მაშინ ისინი იქცევა ჩვენი სულის კერპებად. მათი მსახურებითა და მორჩილებით ვხდებით კერპმსახურები. რადგან არსებობს ასეთი სახის კერპთმსახურება, შეიძლება ითქვას, ამას ჩვენ ყველგან ვაწყდებით და ბატონობს ასე ვთქვათ ცოდვის მსახურება, ამიტომ ქრისტიანებიც უნდა იყვნენ მოწამეები დღეს, რადგან მათ უნდა მოაკვდინონ თავიანთი ვნებები, უარყონ და შეეწინააღმდეგონ თავიანთ დაცემულ ვნება-სურვილებს“, – განაცხადა მეუფე შიომ.