LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო: ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი

75
მეუფე

ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი – ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, აი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება – ხედვა და შეცნობა ღვთისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი ) სულთმოფენობიდან 32-ე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ღმერთი ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ აგვიხილოს სულიერი თვალები.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ კვირას ეწოდება ბრმის კვირა, როდესაც იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ იერიქონელი ბრმის განკურნების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში იწყება დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც წმინდა ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვისთვის, თუ რა განწყობით უნდა შევეგებოთ ამ სარბიელს.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ, ყველას მისი ლოცვა და დალოცვა.

როგორც მოგახსენეთ, დღეს წაკითხული იყო სახარება ბრმის განკურნების შესახებ. იგი იჯდა იერიქონის კარიბჭესთან და მოწყალებას ითხოვდა. როდესაც იქ მიბრძანდა უფალი იესო ქრისტე მრავალ ადამიანთან ერთად, ეს ბრმა იკითხავს, რა ხდებაო. მას ეტყვიან, რომ მობრძანდებოდა ნაზარეველი მოძღვარი, რომელზეც, რა თქმა უნდა, ამ ბრმას სმენოდა, თუ ვინ იყო და რას აკეთებდა. მაშინ მან შესძახა: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ მას აჩუმებდნენ,

გაუბრაზდნენ, რადგან ამის თქმა წარმოუდგენელი იყო, „დავითის ძე“ – ეს იყო მესიის ერთ-ერთი სახელი. ამით, ფაქტობრივად, იგი იესო ქრისტეს მესიად აღიარებდა და, რა თქმა უნდა, ამის გამო განურისხდნენ. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მაგრამ იგი უფრო ხმამაღლა გაიძახის: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ და უფალმა იესო ქრისტემ მოუწოდა მას, ბრძანა, მიეყვანათ მასთან და ჰკითხა, რას ითხოვდა მისგან. ბრმა კი ეტყვის: „რათა ამეხილოს მე თვალი“. აი, ასეთ მოწყალებას ითხოვს ქრისტესგან. ისეთი დიდი სარწმუნოებით ითხოვდა, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ უფალი იესო ქრისტე ამას შეუსრულებდა, რომ, მართლაც, უფალი უპასუხებს, რომ „აგეხილოს შენ თვალი. სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. ასეთ სიტყვებს ამბობს უფალი იესო ქრისტე.

რას ნიშნავს „სარწმუნოებამან“? რომელმა „სარწმუნეობამ გაცხოვნოს შენ“? – იმის რწმენამ, რომ უფალი იესო ქრისტე, ნაზარეველი მოძღვარი, რომელიც მას შეეგება, არის მესია. აი, ამ რწმენამ აცხონა ეს ადამიანი. ამაზე ეტყვის უფალი, რომ „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნოს შენ“. მართლაც, ამ ადამიანს ეხილება თვალები, მაგრამ ეხილება არა მარტო ფიზიკური თვალი, არამედ სულიერი თვალიც, იმიტომ რომ იგი ღმერთს ადიდებს. სახარების ამ მონაკვეთში აღნიშნულია, რომ იგი ხვდება – ეს სასწაული ღმერთმა მოახდინა, შემდეგ შეუდგება იესო ქრისტეს და სამუდამოდ დარჩება მასთან ერთად. აი, ამას მოგვითხრობს დღევანდელი სახარება.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, თუ რა არის სიბრმავე, როგორი შეიძლება იყოს სიბრმავე. სიბრმავე არის ფიზიკური, მაგრამ ასევე არის სულიერი სიბრმავეც, რომელიც ბევრად უარესია ფიზიკურ სიბრმავეზე, რადგან სულიერმა სიბრმავემ შეიძლება ადამიანი სამუდამო დაღუპვამდე მიიყვანოს. ეს სულიერი სიბრმავეც შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული.

აი, მაგალითად, ამპარტავნებით. როგორც გახსოვთ, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისმენდნენ ღვთის სიტყვას, იყვნენ მოწმენი უამრავი სასწაულისა, მკვდრეთით აღდგინებისა და ასე შემდეგ, მათ მაინც არ ირწმუნეს იესო ქრისტესი, იმიტომ რომ სწორედ ეს სიბრმავე ჰქონდათ მათ – იმჟამინდელ ყველაზე განათლებულ საზოგადოებს, ვიმეორებ, ფარისევლებსადა მწიგნობრებს.

დღესაც გრძელდება ასეთი სიბრმავე, როდესაც ადამიანებს ამპარტავნების გამო არ სურთ, დაინახონ საკუთარი სიბრმავე, აღიარონ იგი და საერთოდ არ სჯერათ, რომ არსებობს სხვანაირი – სულიერი ხედვა და სარწმუნოება, როგორც ამბობს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ „რწმენა არის წვდომა უხილავისა“. აი, ეს უხილავის წვდომა და ხედვა რომ შეიძლება არსებობდეს, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ და არც უნდათ, იწამონ და ირწმუნონ. ამიტომაც არ იღებენ, არ ეხილებათ ეს თვალი.

სიბრმავე სხვანაირიც შეიძლება იყოს, მეორე სახის სიბრმავე, რომელიც სიძულვილისა და ბოროტებისაგან მოდის. ამაზე საუბრობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. იგი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს სძულს თავისი ძმა, იგი ბნელშია და ბნელშივე, სიბნელეში დადის, არ იცის საითკენ მიდის, რადგან ბნელმა დაუბრმავა მას თვალი. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იოანე ღვთისმეტყველი.

და კიდევ შეიძლება იყოს მესამე სახის სიბრმავე, როდესაც ადამიანი ჩაფლულია სხვადასხვა ვნებაში, ამსოფლიურ სიამეებში. ჩვენ ვხედავთ, რა ემართებათ ასეთ ადამიანებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან სიძვით, ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ლუდომანიით, ვერცხლისმოყვარეობით, შურით, ეჭვებით, სევდით და ა.შ. როგორ ზიანდებიან ისინი, აზიანებენ თავიანთ ოჯახებს. ასეთ ადამიანებზეც საუბრობს წმინდა სახარება. გახსოვთ, ასეთი მონაკვეთია, როდესაც სხვა ადამიანი, ვისაც აუხელს თვალს უფალი იესო ქრისტე, ამბობს სიტყვებს: „ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა“. ესე იგი ვხედავ ადამიანებს, რომლებიც თითქოს როგორც ხეები, ისე დადიანო. აი, ასეთი ბუნდოვანი მხედველობა ჰქონდა თავიდან და შემდეგ მასაც აუხელს თვალს უფალი.

სიბრმავის აი, ასეთი სახეები არსებობს.

მაგრამ ისმის კითხვა:

გვეხება თუ არა ეს სახარება დღეს ჩვენ?!

შეიძლება ითქვას, რომ გვეხება, ძვირფასო ძმებო და დებო, იმიტომ რომ ჩვენც მეტად თუ ნაკლებად გვახასიათებს ეს სულიერი სიბრმავე. დღევანდელი სახარებით წმინდა ეკლესია გადმოგვცემს სწორედ ყველაზე მთავარს – აზრს ცხოვრებისას, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, იგი ამისთვის მივიდა დედამიწაზე, რომ აგვიხილოს სულიერი თვალები. ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, როგორც თვითონ უფალი იესო ქრისტე ამბობს სამეუფო ლოცვაში: „ეს არის ცხოვრება საუკუნო, რათა გიცნობდნენ შენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, რომელიც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს“.

აი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება – ხედვა და შეცნობა ღვთისა. მაგრამ ამისთვის საჭიროა, გვქონდეს ისეთივე მისწრაფება, როგორიც ჰქონდა აი, ამ იერიქონელ ბრმას, ისეთივე სინანული, გაცნობიერება ჩვენი სულიერი სიბრმავისა და ვედრება უფლისადმი, რომ შეგვიწყალოს და აგვიხილოს სულიერი თვალები.

ვიმეორებ, ამის გარეშე ადამიანის ცხოვრებას, მარადისობის თვალსაზრისით, ღვთის თვალსაზრისით, აზრი აღარ აქვს, რადგან ეს არის მთავარი აზრი ცხოვრებისა. სხვაგვარად, თუ ჩვენ ჩვენივე სიცოცხლეში არ მივაღწევთ ამას, მაშინ, ვიმეორებ, აზრს კარგავს ჩვენი ცხოვრება. შეიძლება მიწიერ ცხოვრებაში მივაღწიოთ წარმატებას სხვადასხვა დარგში, მოვასწროთ გარკვეული სიკეთის გაკეთებაც ვიღაცისთვის, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრებისთვის და ჩვენი სახელი დარჩეს შთამომავლობაში. ესეც კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სულის გადარჩენისთვის, იმიტომ რომ სულის გადარჩენა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენი სახელი ახსოვდეთ მომავალ თაობებს, არამედ სულის ცხონება არის ის, როდესაც ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მარადისობაში ღმერთთან ერთად.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა აგვიხილოს ჩვენ ჩვენი სულიერი თვალები. დღევანდელი სახარებით წმინდა ეკლესია სწორედ ამას გვასწავლის, თუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, როგორ ვიცხოვროთ, რა ვიწამოთ, რისკენ ვისწრაფოდეთ, იმისთვის, რომ აგვეხილოს ჩვენი სულიერი თვალი და ვიხილოთ, შევიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი და მის მიერ მოვლენილი უფალი იესო ქრისტე, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები