LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე მელქისედეკი: მინდა მოგიწოდოთ, რომ გააძლიეროთ ლოცვა უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მებრძოლი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იქ საკუთარი სამშობლოსთვისაც იბრძვიან

65
მელქისედეკ-ხაჩიძე

“ჩვენს მოძმე და მეგობარ უკრაინაში, რუსული აგრესიის გამო სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს. შეუძლებელია ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი იყოს, თუკი მის გვერდით მდგომი მოყვასი გაჭირვებულია,” – ამის შესახებ ნათქვამია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის სააღდგომო ეპისტოლეში.

ეპისტოლეში მეუფე მელქისედეკი მოუწოდებს საზოგადოებას, გააძლიერონ ლოცვა უკრაინისა და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მებრძოლი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იქ საკუთარი სამშობლოსთვისაც იბრძვიან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე – „ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს“

უდიდეს გულისტკივილს იწვევს მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებს – ილია მეორე

„ყველას გვახსოვს გასული ორი წელი. ის დაძაბულობა, გაურკვევლობა, მორჩილება, სიფრთხილე და გაბედულება, რაც COVID-19-ის გამო გავიარეთ. 2022 წელი ბევრად უფრო ტრაგიკულად დაიწყო. ჩვენს მოძმე და მეგობარ უკრაინაში, რუსული აგრესიის გამო სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს. შეუძლებელია ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი იყოს, თუკი მის გვერდით მდგომი მოყვასი გაჭირვებულია. ახლა, ვნების კვირისა თუ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, როდესაც ეს ეპისტოლე იწერება და იკითხება, მინდა თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმოდეს, რომ მეზობელ უკრაინაში ათეულობით ბავშვი ობლდება, ენგრევათ სახლები და რუდუნებით ნაშენები ცხოვრება, ნადგურდებიან ისტორიული ძეგლები, ტაძრები, სიწმინდეები და ყველაზე საშინელი – იღუპებიან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ამ ყველაფერს კი ბოროტი ძალა ,,ქრისტეს სახელით“ აღასრულებს და ,,ცოდვილის დასჯით“ ამართლებს. აღდგომის ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, მინდა ყველამ გავიაზროთ, რომ ქრისტე ვინმეს დასასჯელად კი არ ეცვა ჯვარს, არამედ სასჯელიდან სხვის გამოსახსნელად; ცოდვების გამო კი არ მოკლა ვინმე, არამედ თავად მოკვდა, რათა მასთან ერთად ადამიანი გამოხსნილიყო; იესო მაღალ ტახტრევანზე მჯდომარე კი არ კარნახობდა ვინმეს ყოფა-ცხოვრების მშრალ კანონებს, არამედ საკუთარი საქმით აჩვენებდა მართებულ ცხოვრების წესს. ესაა ქრისტიანობა, ეს გვასწავლა განკაცებულმა და მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა და ამიტომაც ვიძახით ამაყად – ქრისტე აღსდგა! ახლა, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, მინდა მოგიწოდოთ, რომ გააძლიეროთ თქვენი ლოცვა უკრაინისა და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მებრძოლი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იქ საკუთარი სამშობლოსთვისაც იბრძვიან. მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა ინებოს საქართველოში მათი მშვიდობით დაბრუნება, ხოლო გარდაცვლილთა სულები კი დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, – ნათქვამია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის სააღდგომო ეპისტოლეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები