„შაჰ-აბასმაც ვერ გაგვტეხა, ვერც ჯალალედინმა და ვერც მონღოლებმა, თქვენც, ჩვენო ვითომ საქართველოსთან მებრძოლებო, ვერც გაგვტეხთ“, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.
მთავარეპისკოპოსი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, ეს მათი ბრალი იქნება, ვინც საპროტესტო აქციებზე გამოდის:
„ახლაც, რაღაც შეცვალა რუსეთის პრეზიდენტმა და გამოვარდნენ ჩვენთან – რა ხდება, რა ხდება, შენ ის არ ხარ, 20 % რომ ჩააბარე? დღეს რომ გამოდიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ საქართველოზე გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ თუ არ მოგვცენ.
დღეს რომ ყვირი: გაყიდულია მთავრობა, მთავრობა რუსია, ევროპაში უყურებენ, რომ ხალხი გამოდის და დაიჯერებენ.
ახალგაზრდობასაც რომ იყოლიებენ ხოლმე – მინდა ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება, რომ არ მოგვცენ [სტატუსი], ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? ე.ი ვინ არის რუსი, ვის აწყობს საქართველოში რომ მძიმე მდგომარეობაში იყოს? ევროპა და დასავლეთი თუ ამბობს, რუსს აწყობს, მაშინ ესენი ვინ გამოდიან, რომლებიც წინა დღეებში, მაპატიეთ გამოთქმაზე და „ქაჯებივით“, „ცოფიანი ნადირებივით“ დარბოდნენ.
შეიძლება ასე? შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ? ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ? გამოდიხართ, ვის უპირისპირდებით? კარგი, ღმერთი არ გწამთ, მაგრამ ხალხის არ გეშინიათ? ჩვენ, ქართველებს გზა არჩეული გვაქვს. ჩვენი გზა არის ქრისტეს გზა. ხედავთ როგორ დაგვიფარა უფალმა. მთელმა მსოფლიომ რომ მუხლი მოუყარა ყველაფერს, როდესაც პანდემია იყო, ჩვენი ერი ვერ გატეხეს..
თუ რამე ქართული იყო, ყველაფერი რუსებს მისცეს. მართვაშიც კი რუსები ჩამოიყვანეს მერე. ბენდუქიძე იყო თუ ის, რუსების წარმომადგენელი იყო. რომ აქებენ, ნიჭიერი კაცი იყოო, რა მივიღეთ მისი ნიჭით, აბა გადავხედოთ. განათლების სისტემა იმ დროს დაინგრა, ვიღაცების მოსამსახურედ ვუნდოდით, რუსული კი ვიცოდით, ინგლისურს გვასწავლიდნენ მერე..
შაჰ-აბასმაც ვერ გაგვტეხა, ვერც ჯალალედინმაც და ვერც მონღოლებმა, თქვენც, ჩვენო ვითომ საქართველოსთან მებრძოლებო, ვერც გაგვტეხთ.
ბოლოს და ბოლოს, ჩავთვლით, რომ ჩვენ გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა. კი არ ვიმუქრები, უბრალოდ, არ გაქვთ ავტორიტეტი და უბრალოდ, ქუჩაში ვერ ივლით. პირდაპირ გეუბნებით, ნუ გააკეთებთ, არ გვინდა ის გამოაჩინოთ, ვინც ხართ და რანიც ხართ. შეხედეთ, ორჯერ იყო და ლამის რევოლუცია მოგვიწყვეს, კანდიდატობა არ მოგვცეს. ჩვენი ბრალია რომ არ მოგვცეს? – თქვა მეუფე იაკობმა.