LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე გრიგოლი: კიდევ ბევრი განსაცდელი გველოდება, მოდით, ნუ გავურთულებთ ერთმანეთს ცხოვრებას

135
1572435891-175249

“ჩვენი ქვეყანა და ხალხი დღევანდელ დღეს მძიმე გზას გადის – ურთულესია მიმდინარე მოვლენები ყელასთვის, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის,” –  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მან გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურება აღასრულა და იქადაგა.

„მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დღევანდელ დღეს. ურთულესია მიმდინარე მოვლენები ყელასთვის, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის და იმდენად რთულია, რომ ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდას ვაბარებთ. საქართველო ჯერ კიდევ ვერ არის შემდგარი, როგორც სრულყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფო, არც ჩვენ ვართ შემდგარი როგორც თავისუფალი მოქალაქეები.

რამდენჯერ გვითქვამს, რომ აი, ჩვენს ცნობიერებას მემკვიდრეობით მოყვება ძველი კაცი. სამწუხაროდ ზოგს არ ესმის ეს, ძველი კაცის სინდრომი რაში მდგომარეობს. მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ თვით ქრისტიანობაში მოსულები ჯერ კიდევ იმ კატეგორიებით ვმსჯელობთ, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში დამკვიდრდა ათეიზმის ხანაში და ისე შევითვისეთ ის ცნობიერება, ისე შევიძინეთ ის უნარები და მეთოდები, რომლითაც საზოგადოებრივი ურთიერთობები მიმდინარეობდა, თუ მთელი რიგი სხვა საკითხები ხორციელდებოდა, რომ დღესაც ვერ ვართ გათავისუფლებულები. ეკლესიაში ხარ, ხელისუფლებაში თუ მოქალაქე ხარ, უნებლიედ სწორედ იმ უნარებით ხელმძღვანელობ და მოქმედებ, აზროვნებაშია თუ დანარჩენ სამყაროსთან მიმართებაშია, როგორიც მაშინ შეიძინე. თუ ჩვენ, გარდა ჩვენი სარწმუნოებისა, გარდა ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა დიდი ყურადღება არ დავუთმეთ ჩვენში აზროვნების განვითარებას, თუ არ ვისწავლეთ ანალიზი პირველ რიგში საკუთარი ქმედებებისა და შემდგომ უკვე ჩვენს ირგვლივ მიმდინარე საზოგადო მოვლენებისა, კიდევ უფრო გაგვირთულდება ეს გზა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავძლევთ ჩვენს წინაშე არსებულ დიდ განსაცდელებს, მაგრამ წინ კიდევ მაინც მძიმე გზა გველოდება, კიდევ ბევრი განსაცდელი გველოდება და მოდით ნუ გავურთულებთ ერთმანეთს ამ გზას და ამ ცხოვრებას“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მან საზოგადოების განვითარებისთვის ერთ-ერთ საფრთხედ დეზინფორმაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და განათლებაა საჭირო.

„საზოგადოების დეზინფორმაციისა და დეზორიენტაციისთვის მრავალი თემა არის გამოყენებული, მათ შორის რელიგიური, ზნეობრივი მხარეები, მორალი. მიმაჩანია, რომ ასე ბრმად არ შეიძლება ამის მიღება და დაჯერება. ეს, რომ არ მოხდეს ამისთვის მეტი ინფორმირებულობა და განათლებაა საჭირო. გრძელვადიან პერსპექტივაში განათლების სისტემაში იმ ტიპის რეფორმირებაა საჭირო, რომელიც ადამიანს არა მხოლოდ სპეციალობას შეასწავლის, არამედ სააზროვნო უნარებს შესძენს“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დღეს გიორგობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები