მე ვერ გეტყვით ვინ რისი ჩამდენია, მაგრამ რაც აზრი გამომაქვს, რაც ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი. ის გარემოებათა მსხვერპლია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ.მატროსოვის ციხესთან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განუცხადა, რომელიც მამა კახაბერთან ერთად დღეს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ისაუბრეს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, მეუფეს არ დაუკონკრეტებია. მისივე განმარტებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საზოგადოებისთვის რაიმე გზავნილი მისთვის არ დაუბარებია, თუმცა „მისი ერთადერთი თხოვნაა, რომ „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე დადგინდეს.
ამასთან, მეუფე გრიგოლს არ განუმარტავს, აპირებენ თუ არა უახლოეს პერიოდში კვლავ მსჯავრდებულის მონახულებას.
“იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხში დროთა განმავლობაში მეტი ნათელი შემოვა. მე ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია იგი მხოლოდ ერთ–ერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, მაშინ რატომ იმყოფება საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება. ეს ჩემი კითხვებია, არ გაფანტულა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი. მე ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ იგი დამნაშავეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი არის მსხვერპლი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.