LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტრო “ვაგზლის მოედნის” მიმდებარე ტერიტორია პირველად, მრავალი წლის შემდეგ, მოირეცხა

956

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანის შემდეგ, თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკით მოირეცხა.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილის, დავით დოლიძის თქმით, აღნიშნული ტერიტორის საფუძვლიანად, სპეციალური ტექნიკით დასუფთავებას ხელს გარევაჭრობა უშლიდა.

„დღეს პირველად, მრავალი წლის შემდეგ, საფუძლიანად დასუფთავდა და მოირეცხა მეტრო „ვაგზლის მოედნისა“ და ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია. აქ პრობლემას გვიქმნიდა გარე ვაჭრობა. ჩვენი დილის მეეზოვეები საერთოდ ვერ მუშაობდნენ და ძალიან ბევრ სირთულეს ვაწდებოდით. ამ ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიასთან დაკავშირებით „თბილსერვის ჯგუფს“ მოსახლეობა ძალიან ხშირად მომართავდა. დღეიდან ვპირდებით ადგილობრივებს, რომ დილის საათებში, ყოველდღიურ რეჟიმში დასუფთავდება, შემდეგ კი, სპეციალური ტექნიკით, მოირეცხება აღნიშნული ტერიტორია“,- განაცხადა დავით დოლიძემ.

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები დღეს გაიტანეს. უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

დედაქალაქის მთავრობისა და ბაზრობების ასოციაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბაზრობების ხელმძღვანელობა მოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს და პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეწარმეები, პირველი 6 თვე, საიჯარო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები