LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეტნაკლებად სანდო წყაროებიც სცოდავენ, ხანდახან გამიზნულადაც; ძალიან ხშირი შეცდომა: გასცდით სათაურს!” – ალექსანდრე ლორთქიფანიძე გასწავლით 7 ბერკეტს, როგორ უნდა გაარჩიოთ ნამდვილი ამბავი “ფეიკ” ნიუსისგან

62
ლორთქიფანიძე

ციფრული ეპოქაში რთულია ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა. ინტერნეტსამყაროში ინფორმაციის გავრცელების უამრავი ხერხია, ამიტომ აუცილებელია შეგვეძლოს სინამდვილის “ფეიკისგან” გარჩევა. ისევე როგორც ახალი ამბის გამოქვეყნებამდე საჭიროა ინფორმაციის დაზუსტება, ასევე საჭიროა უკვე გავრცელებული ნიუსის გაზიარებამდე მისი უტყუარობის შემოწმებაც.

სწორედ ამ მტკივნეულ საკითხზე წერს მწერალი, ტელეწამყვანი და ინტელექტუალური კლუბის წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე და იმ 7 აუცილებელ ბერკეტს გვასწავლის, რომლითაც ამაბავი მის დაჯერებამდე უნდა გადაამოწმოთ.

“მოკლედ, რაზე გაწუხებთ ახლა: ამ ეპოქაში წერა-კითხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მედია-წიგნიერება. გაოცებული ვარ ხოლმე როგორ მარტივად ეგებიან ანკესზე ის ადამიანებიც კი, რომლებიც განათლებულ პიროვნებებად მიმაჩნია. ზოგჯერ ისეთ ე.წ. “ფეიკს” გააზიარებენ ხოლმე, რომ ლიტერატურული ქართულით რომ ვთქვათ, ტეხავს.

ამ ვებერთელა ვირტუალურ სამყაროში ყოველდღიურად ათასნაირი ინფორმაციის წაკითხვა გვიწევს, მათ შორის ყველაზე სარწმუნო და დამაჯერებელი ამბებიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ყალბი, რადგან როგორც მედია იხვეწება, ისე იხვეწება ანტიმედიაც, ანუ ყალბი ახალი ამბების შემქმნელი გვერდები თუ ჯგუფები. ზოგჯერ ეს პოლიტიკური ან სხვა მოტივითაა განპირობებული, ზოგჯერ კი, უბრალოდ, გართობაა. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე უმარტივეს ბერკეტს მაინც უნდა ფლობდეთ, რომ გაზიარება-გავრცელებამდე ესა თუ ის ინფორმაცია გადაამოწმოთ”- წერს ლორთქიფანიძე და 7 ხერხს გვიზიარებს.

1. დააკვირდით ინფორმაციის წყაროს. გეცნობათ? სანდოა? კარგად წაიკითხეთ სახელი, ფეიკ-გვერდები ხშირად იყენებენ მიმსგავსებულ სახელებს. პირობითად, შეიძლება გეგონოთ, რომ კითხულობთ ნეტგაზეთს და საქმე გქონდეთ ნეტზეთთან. თვალი მაშინვე ვერ აღიქვამს, მაგრამ გაზიარებამდე დაუკვირდით.

2. თუ წყარო არ გეცნობათ, გადაამოწმეთ. შეიძლება უცნობი სახელის მქონე წყაროც იყოს სანდო, რატომაც არა. დაგუგლეთ, გადადით საიტზე. შეამოწმეთ სხვა სტატიები, თუ ყველგან გასაოცარი ამბები წერია, რაღაც ვერაა ისე. ნახეთ მათი გვერდი, რამდენი გამომწერი ჰყავთ? რამდენად შეიძლება ენდოთ მედიასაშუალებას, რომელსაც 100 გამომწერი ჰყავს? და ა.შ.

3. თუ ეს ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, ანუ საქმე ჩვენთვის უცნობ, მაგრამ ერთი შეხედვით სოლიდურ წყაროსთან გვაქვს, გადაამოწმეთ თავად ინფორმაცია. თუ ასეთი საინტერესო ამბავია, სხვა მედიასაშუალებაც დაწერდა. თუ საერთაშორისო ამბავია – გადაამოწმეთ უცხო ენაზე, ნახეთ საიდან მოდის პირველადი წყარო, მიყევით ბოლომდე. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ამბავი მართალი იყოს, მაგრამ კონტექსტი იყოს დარღვეული, თარგმანში იყოს მთავარი აზრი დაკარგული ან გადაკეთებული.

4. თუ წყარო გეცნობათ და ენდობით, მაინც გადაამოწმეთ ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, რომ მეტნაკლებად სანდო წყაროებიც სცოდავენ, ხანდახან გამიზნულადაც კი, მაგალითად პოლიტიკური მოტივით. ამიტომ ეცადეთ ინფორმაციას სხვადასხვა რაკურსიდან შეხედოთ, წაიკითხეთ სხვა მედიასაშუალებების თვალსაზრისიც. თუ თემა პოლიტიკურია, გაეცანით მეორე ბანაკის მოსაზრებას, გაეცანით ნეიტრალურ აზრს და საბოლოოდ დასკვნა თავად გამოიტანეთ.

5. ძალიან ხშირი შეცდომა: გასცდით სათაურს! ადამიანების დიდი ნაწილი სათაურის იქით სტატიას აღარ კითხულობს, არადა სათაური ხშირად ზედმეტად დამაინტრიგებლად ჟღერს, რეალობა კი სხვანაირია ხოლმე. განსაკუთრებით უპასუხისმგებლო მედიებს ისიც ხელეწიფებათ ადამიანის მიერ დაციტირებული ფრაზა მის მოსაზრებად გაასაღონ, ან უარყოფით კონტექსტში ნათქვამი მოსაზრება, მის პოზიციად წარმოაჩინონ და ა.შ. ამიტომ გაეცანით სრულ სტატიას.

6. არ ენდოთ სათავეში გამოტანილ ფოტოს! ყურადღება მიაქციეთ ფოტოს, სამწუხაროდ, ხშირად სტატიისთვის თანდართული ფოტო არარელევანტურია, ძველია და კონტექსტს ამახინჯებს. გადაამოწმეთ სტატიის კონტექსტში მოტანილი ფოტოსა და ვიდეოს შესაბამისობა.

7. თავად ინფორმაცია. სამწუხაროდ, თანამედროვე ყალბოსნების ხერხები კიდევ უფრო დახვეწილია და ხშირად ძალიან რთულდება სიმართლის გარკვევა. წყარო სანდოდ გამოიყურება, პირველწყაროსთანაც თანხვედრაა, მასალა რელევანტურია. ასეთ დროს თქვენი თავი თქვენადვე გეყუდნით, მაგრამ ბრმად ნურც ამ შემთხვევაში დაიჯერებთ, ვიდრე გადამოწმებისა და გაფილტვრის ყველა ბერკეტს არ გამოიყენებთ, ბოლოსდაბოლოს თავადაც ხომ გაქვთ ანალიზის უნარი.

“მოკლედ, ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ ბერკეტებისა, რასაც უნდა ფლობდეთ ინფორმაციის გაზიარებისას, რათა თავადაც არ აღმოჩნდეთ სიყალბის გავრცელების ჯაჭვში. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო სავსეა მოულოდნელობებით და ხშირად მართლაც ხდება ისეთი ამბები, რომ თვალითაც რომ იხილოთ, დაუჯერებელია, უფრო ხშირად ასეთი მოცემულობები სწორედ სიყალბის გამავრცელებელი მედიებისა თუ ჯგუფების “შემოქმედებაა”, ამიტომ იყავით ყურადღებით” – დასძენს მწერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები