მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუჰაში ბეტონის არხის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ზემო ლუჰაში გამდინარე ხევზე არსებულ ბეტონირებულ არხზე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებდა.
უწყების ინფორმაციით, ხევი, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა, საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს შორის გაედინება. ხევის კალაპოტი სოფლის ტერიტორიაზე მართკუთხა ბეტონის არხს წარმოადგენს. სოფლის დასახლებული უბნის გავლის შემდეგ კი, ისევ გადადის ბუნებრივ მიწის კალაპოტში და რამდენიმე ასეულ მეტრში, მარცხენა მხრიდან მდინარე ენგურს უერთდება.
ხევის კალაპოტის ბეტონის კონსტრუქცია დაზიანებული იყო და აღდგენას საჭიროებდა. წყალმოვარდნებისას წყლის ნაკადი ბეტონის კედლებზე ზევიდან გადაედინებოდა და საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავდა.
პროექტის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დასაცავად, 290-მეტრიან მონაკვეთზე გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა, აღდგა დაზიანებული ფსკერი და კედლები.
პროექტი 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 398 344 ლარი შეადგინა.