ნენსკრა ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს,- ამის შესახებ გადაცემაში “საქმიანი დილა” მესტიის გამგებელმა განაცხადა.
როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, პროექტის პერსპექტივის გათვალისწინებით, საკმაოდ გაზრდილია ადგილობრივი შემოსავლებიც. „ნენსკრა ჰესიდან გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2,2 მლნ ლარი მიიღო, რაც ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც სვანეთია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მესტიის გამგებელმა.
მისივე თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ჰიდროელექტროსადგურის გამო სვანეთში 700 ჰა ტყის მასივი იჩეხება, არასწორია. როგორც გამგებელი ამბობს, პროექტის ყველაზე დიდი რეზერვუარი 267 ჰა ფართობს მოიცავს.
შეგახსენებთ, 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.