მეორე დღეა კურორტ თეთნულდზე მაშველები უკრაინელ ტურისტს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან ისევ განახლდა. მასში თეთნულდის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მოხალისეები არიან ჩართულები. “თეთნულდის” სამაშველო სამსახურის უფროსის ლევან ქურდიანის ინფორმაციით, უკრაინელი მამაკაცი ჯგუფთან ერთად გუშინ სწორედ იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ზვავი ორჯერ ჩამოწვა.
სამაშველო სამსახურში გუშინ შევიდა ცნობა ტურისტის დაკარგვის შესახებ. სხვა მოგზაურების განმარტებით, რომლებიც სასტუმროში იმყოფებიან, აცხადებენ, რომ უკრაინელი ტურისტი, გუშინ ზვავის ჩამოწოლის შემდეგ არ უნახავთ არც სასტუმროში და არც კურორტის სხვა ზონაში.
ზაფხულში საქართველოში 52 ტურისტი დაიკარგა
შეგახსენებთ, რომ ზვავი თეთნულდზე გუშინ ჩამოწვა და 4 ჩეხი ტურისტი მოიყოლა, ერთი მათგანი კი მსუბუქად დაშავდა.
სამაშველო სამსახური განაგრძობს სამძებრო სამუშაოებს. მაშველები დამსვენებლებს, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიფრთხილისკენ და ზვავსაშიშ ზონაში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.